შეიძლება, წლის ბოლომდე მართლა განვიხილოთ რაღაც - კობახიძე დეოლიგარქიზაციაზე

პუბლიკა

შეიძლება წლის ბოლომდე მართლა განვიხილოთ რაღაც, მათ შორის შეიძლება [უკრაინული კანონის] დაკოპირებაც განვიხილოთ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობის შესახებ.

საქართველოსადმი ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ქვეყანამ უნდა შეასრულოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

როგორც დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ განაცხადა, მმართველი გუნდი ამ ეტაპზე არაა ჩამოყალიბებული, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით.

„სამივე ქვეყნის შემთხვევაში წერია, ამიტომ სრული სპეკულაციაა ერთ გვარზე მორგება, რასაც ცდილობს ოპოზიცია. საუბარია ზოგადად დეოლიგარქიცაზაიზე… თუ დავაკოპირებთ პირდაპირ უკრაინულ კანონს, ოლიგარქის ცნებაში არ მოხვდება ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მოხვდება თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელი.

…ჯერ არ ვიცი, შეიძლება ავიღოთ პირდაპირ უკრაინული კანონი, ვთარგმნოთ და მივიღოთ, შეიძლება დავწეროთ ჩვენი კანონი, შეიძლება საერთოდ არ მივიღოთ… შეიძლება წლის ბოლომდე მართლაც განვიხილოთ რაღაც, მათ შორის შეიძლება დაკოპირებაც განვიხილოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე მან უკრაინის კანონმდებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ კრიტერიუმებით, რომლებიც უკრაინას აქვს, ოლიგარქის ცნებაში ბიძინა ივანიშვილი ვერ მოხვდება, თუმცა მოხვდება თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი და „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

„ის, რომ უკრაინული კანონის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად და ჩაითვლებიან კეზერაშვილი და ხაზარაძე, ამას აქვს თავისი ლოგიკური მიზეზი და გეტყვით – რატომ. [უკრაინულ კანონში] არის 4 კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ადამიანი ითვლება ოლიგარქად. ესენია: პირს უნდა ჰქონდეს 85 მილიონ დოლარზე მეტი, უნდა ჰქონდეს მედიაზე გავლენა, უნდა ჰქონდეს პოლიტიკაზე გავლენა და ბიზნესში უნდა ჰქონდეს მონოპოლიური ან დომინირებული მდგომარეობა. პირი უნდა აკმაყოფილებდეს 4-დან 3 კრიტერიუმს.

ბიძინა ივანიშვილი 4-დან მხოლოდ ერთს აკმაყოფილებს, ესაა 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონება. დანარჩენს არ აკმაყოფილებს. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის აკმაყოფილებს 4-დან 3-ს. ხაზარაძეც აკმაყოფილებს 4-დან სამს“, – განაცხადა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მტკიცებულება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა პოლიტიკასა და მედიაზე, არ არსებობს. მისივე თქმით, ოლიგარქის კრიტერიუმში ასევე მოხვდება მსჯავრდადებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ერთი მტკიცებულება მოიტანეთ იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაიმე გავლენა ან პოლიტიკაზე, ან მედიაზე… არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით ერევა ან პოლიტიკაში, ან მედიაში. მაგრამ რაც შეეხებათ კეზერაშვილს, ხაზარაძეს და სხვებს, იქ არის უამრავი ფაქტი.

ფაქტებით მტკიცდება ის, რომ უკრაინული კანონის მიხედვით, ეს ადამიანები არიან ოლიგარქები, და ფაქტებით დასტურდება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი… კი, სააკაშვილიც. 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონება მას აქვს, დღემდე ამ ნაძარცვ ფულს პოლიტიკაში ის დებს, პოლიტიკაში პირდაპირ არის არაფორმალური ლიდერი მთავარი ოპოზიციური პარტიის, ანუ პოლიტიკაზე აშკარა გავლენა აქვს. და რაც შეეხება მედიაზე გავლენას, პირდაპირ აფინანსებს თავის საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებს. ანუ 4-დან 3 კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შესაბამისად, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი… სააკაშვილზე ფაქტები არსებობს, დღეში იბარებს 4 კაცს, რომ პოლიტიკური ინსტრუქციები მისცეს. ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არსებობს ნული ფაქტი“, – ამბობს კობახიძე.

LB loan image desktop LB loan image mobile