შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისია.
მოქმედი რეგლამენტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) კანდიდატურა ღია კონკურსით შეირჩევა.
ახალშექმნილი 9-წევრიანი საპარლამენტო კომისია პარლამენტის წევრებთან, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველთან პარლამენტის თავმჯდომარის კონსულტაციის საფუძველზე დაკომპლექტდა.
კომისიის შემადგენლობა:
- გივი აბესაძე,
- მარიამ გვიდიანი,
- როზეტა გუჯეჯიანი,
- თამარ კეკენაძე,
- დავით მაღლაფერიძე,
- ერმილე მესხია
- ნინო მეუნარგია,
- სოფიო ნიკოლაიშვილი,
- შორენა შავერდაშვილი
რეგლამენტის მიხედვით, ეს კომისია განიხილავს და შეარჩევს მეურვის კანდიდატურებს და წარუდგენს იმ სუბიექტებს, რომლებსაც სამეურვეო საბჭოს წევრის პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება აქვთ.
კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან უფლებამოსილების ვადა სამს: ზაზა აბაშიძეს, ბონდო მძინარაშვილსა და გია მურღულიას ეწურება. ზაზა აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი საბჭოში საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით მოხვდნენ, გია მურღულია კი – უმრავლესობის.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რეგლამენტში ცვლილებებს, რომლითაც საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა ღია კონკურსით აღარ შეირჩევა.
უფლებამოსილ სუბიექტს შეეძლება, საპარლამენტო საკონკურსო კომისიის გარეშე, პირდაპირ წარუდგინოს პარლამენტს მეურვეობის ერთი კანდიდატი.
ახალი წესი პირველი ივლისიდან ამოქმედდება. რეგლამენტში ცვლილებებს საბოლოოდ დღეს მიიღებენ.
ფრაქციამ „გახარია საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ პროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.