შეიქმნას შქმერისა და მრავალძალის დაცული ტერიტორიები - მოსახლეობის წინადადება პარლამენტს

პუბლიკა

შქმერისა და მრავალძალის დაცული ტერიტორიების შესახებ – შქმერის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს.

როგორც წინადადების ავტორები აღნიშნავენ, პროექტის უმთავრესი მიზანია შქმერისა და მრავალძალის ტერიტორიაზე ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, ხელი შეეწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას, რათა გამოირიცხოს ბუნებრივი გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად, მისი უნიკალური ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს გადაშენება და განადგურება.

„ამჟამად, კანონპროექტით განსაზღვრულ არეალში, სოფელ შქმერის ტერიტორიაზე, მათ შორის, იმ არეალებში, რომელიც „ზურმუხტის ქსელით“ აღიარებული სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონეა, მიმდინარეობს სასარგებლო წიაღისეულის – მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, რაც შეუქცევადი და ხელშესახები ზიანის იმწუთიერ საფრთხეს წარმოშობს როგორც ბიომრავალფეროვნების, ასევე  – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ ზურმუხტის ქსელი არ არის კონკრეტულად რაიმე ტიპის საქმიანობის სტანდარტულად ამკრძალავი ინსტრუმენტი, იგი ცალსახად კრძალავს,  ბერნის კონვენციით დაცულ ჰაბიტატებსა და სახეობებზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით ზემოქმედებას. ღია კარიერული წესით წიაღისეულის მოპოვება პირდაპირ უკავშირდება ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებას, მიწის ნაყოფიერი ფენის დაზიანებას, რაც სავალალო შედეგების მომტანია როგორც ველური ფლორისა და ფაუნისთვის, ისე – ადამიანების ჯანმრთელობისთვის, დემოგრაფიული განვითარებისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის…

კანონპროექტის მიღების შედეგად,  შქმერისა და მრავალძალის ტერიტორია აღიარებული იქნება დაცულ ტერიტორიად და მისი მენეჯმენტი განხორციელდება საერთაშორისო შეთანხმებების, კანონმდებლობისა და მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი იქნეს არსებული ბუნებრივი პროცესების უწყვეტობა, ეკოსისტემის შენარჩუნება და ბიომრავალფეროვნების დაცვა.

კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება ევროპის  საბჭოს 1979 წლის ბერნის კონვენციის მე-4 მუხლით განსაზღვრული ბუნებრივი ჰაბიტატებისა დაცვის გარანტიები ზურმუხტის ქსელში შემავალი ერთ-ერთი საიტისთვის და, ამავდროულად – კონვენციის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის პრეცედენტი”, – აღნიშნავენ წინადადების ავტორები.

მიწის ნაყოფიერი ფენის განადგურება, ჰაერისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება, ეროზიული პროცესების გააქტიურება, ვიბრაცია, მტვერი და ხმაური – ეს ის პოტენციური სცენარია, რასაც რაჭაში, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვების შედეგად მოსახლეობა ელოდება. ადგილობრივები ამ მიზეზების გამო, ლიცენზიების გაცემას აპროტესტებენ და მის გაუქმებას მოითხოვენ.