„აუცილებელია ლიცენზიების გაუქმება, რაც ამ ეტაპზე არ მომხდარა" - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს განცხადება შქმერში მანგანუმის მოპოვების შეჩერების შესახებ მანიპულაციურია.

მათი თქმით, კვირას, 6 თებერვალს მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყებამ რაჭის სოფელ შქმერში მანგანუმის მომპოვებელი ლიცენზიანტების საქმიანობა შეამოწმა და ორიდან ერთი ლიცენზიის მფლობელის (შპს „ტექნოლოჯი 2021”) შემთხვევაში სალიცენზიო პირობების დარღვევები გამოავლინა. განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია. სააგენტოს განცხადებას, საზოგადოების ნაწილში არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, რომლის მიხედვითაც შქმერში მანგანუმს აღარ მოიპოვებენ.

„სინამდვილეში  სააგენტოს განცხადება მანგანუმის მოპოვების განახლებას არ გამორიცხავს და სხვაგვარი ინტერპრეტაცია ამ ეტაპზე ნაადრევია. იმისთვის, რომ შქმერში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები არ განახლდეს, აუცილებელია გაცემული ლიცენზიების გაუქმება, რაც ამ ეტაპზე არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ განცხადება უქმე დღეს, ღამის საათებში გაავრცელა. ამასთან, ის განცხადებაში მიუთითებდა, რომ შქმერში მდგომარეობა „საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით” შეისწავლა. თუმცა სინამდვილეში სააგენტომ სამუშაოები, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნითა და „მწვანე ალტერნატივას” დახმარებით, ერთადერთხელ და არა ახლა, არამედ 2021 წლის 5 ნოემბერს შეისწავლა და დარღვევებიც მაშინვე გამოვლინდა. სააგენტოს განცხადებაში ამის შესახებ მითითება არ გვხვდება, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ სამუშაოები ახლა, პრემიერის დავალებით შემოწმდა.

რაც შეეხება შქმერში მანგანუმის მოპოვების განახლებას, განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე სააგენტოს უფლებამოსილება დარღვევის დაფიქსირებით შემოიფარგლება, ხოლო ლიცენზიის გაუქმებისთვის დამატებითი პროცედურების გავლაა საჭირო, მათ შორის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება და განმეორებითი ფინანსური სანქციები.[2]

იმისთვის, რომ მოპოვების განახლება გამოირიცხოს, აუცილებელია გაცემული ლიცენზიების გაუქმება. თუმცა, „მწვანე ალტერნატივას” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ერთობლივი საჩივარი, რომელიც შქმერში მოქმედი ლიცენზიების ბათილად ცნობას ითხოვდა, ეკონომიკის სამინისტრომ, 2022 წლის 25 იანვრის ბრძანებით არ დააკმაყოფილა. საჩივარი მიუთითებდა, რომ ლიცენზიების გაცემისას სააგენტომ დაარღვია ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაწესებული გარანტიები და ვალდებულებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ, ისევე როგორც ორჰუსის კონვენცია, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების თაობაზე საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის ვალდებულებას განსაზღვრავს. „მწვანე ალტერნატივა” და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ეკონომიკის სამინისტროს უარს სასამართლოში ასაჩივრებენ.

და ბოლოს, ბუნდოვანია სააგენტოს განცხადების ის ნაწილიც, სადაც უწყება მიუთითებს, რომ „ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა”. ბუნდოვანია რა სამართლებრივი ბერკეტი ამყარებს სააგენტოს ამ პოზიციას და, შესაბამისად, განცხადების ეს ნაწილიც დამატებით განმარტებას საჭიროებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile