შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა – კალაძე სტრასბურგში გამართულ ვიზიტზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიუნხენის აეროპორტში ჩართული Facebook-ლაივიდან სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომებზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მისი ოპონენტები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მათ სტრასბურგში ბევრი შეხვედრა გამართეს, ევროპარლამენტარებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნეს და ამ შეხვედრებმა კარგად ჩაიარა.

„შეხვედრები მიმართული იყო იმისკენ, რომ ჩვენ რეალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებისთვის, კომიტეტის წევრებისთვის, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში, რა პოლიტიკური პროცესები მიდის. იმიტომ, რომ ხშირი იყო შემთხვევები, სადაც ჩვენ ვისმენდით არასწორ ინფორმაციებს, რომლებიც ძირითადად დაფუძნებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ფეიქნიუსებზე. შესაბამისად, შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა“, – თქვა კახა კალაძემ Facebook-ჩართვაში.

კახა კალაძის Facebook-ლაივში ჩაერთო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომელიც სტრასბურგში დელეგაციის ერთ-ერთი წევრი იყო. კობახიძის თქმით, მართალია, ამ შეხვედრების შემდეგ დოკუმენტის მიღება ჩავარდა, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში.

კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია დაადანაშაულეს, რომ თითქოს ისინი ევროპასთან ინტეგრაციის, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის შეფერხებას ცდილობდნენ და ამ დოკუმენტზე მათი პოზიციაც ამას ემსახურებოდა. თუმცა, ოპოზიციას ეს არ გამოუვიდა.

„ანტიდასავლური ძალების ადგილი არ არის იქ, სადაც წყდება ამ ქვეყნის ბედი. შესაბამისად, ასეთ ძალებს, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ანტიევროპულ საქართველოს“, მათ ბუნებრივია, საკუთარ ადგილს მიუჩენს ქართული საზოგადოება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ კი დაამატა, რომ იმედი აქვს, მსგავსი შეხვედრები ერთჯერადი არ იქნება და ევროპარლამენტარებს ინფორმაციას კიდევ გაუზიარებენ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტში იმართებოდა, ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ.

სხდომამ მუშაობა 13 თებერვალს დაასრულა. ორდღიანი მუშაობის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს კენჭი უნდა ეყარა ერთობლივი განცხადებისა და რეკომენდაციებისთვის, თუმცა ამ ტექსტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს თქმით, საქართველოს შესახებ რეზოლუციის ტექსტი სუსტი იყო, ხოლო ევროპარლამენტართა შესწორებები მმართველმა გუნდმა დაბლოკა. „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრის თქმით, მმართველი გუნდი, როგორც ჩანს, არსებულ სიტუაციას ვერ აღიქვამს, ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლი კი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც, მისი თქმით, „აზიანებს საქართველოს ევროპულ გზას“.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ყველა სხდომის ბოლოს მიიღება, მნიშვნელოვანია და ეს არის პირველი სხდომა, როცა დოკუმენტის შინაარსზე ევროპარლამენტი და ქართული მხარე ვერ შეთანხმდნენ. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება.