შემაძრწუნებელია პროტესტის ის ფორმა, რაც იყო - სანიკიძე ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე

პუბლიკა

უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი და შემაძრწუნებელი იყო პროტესტის ის ფორმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაიმართა ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს.

„ცოტა გვერდით რომ გადავდოთ ის შინაარსი, ავთენტურია, არ არის ავთენტური, დამონტაჟებულია, თუ არაა, რაც შემდეგ დღეს მე ვიხილე, პროტესტის სახით, თუ პერფომანსის, თუ რაც ხდებოდა მეორე დღეს ამ ოჯახის სახლთან, თუ კართან, ეს არის იმდენად მიუღებელი და ეს იმდენად ლუსტრაციაა იმ მხარის, რომელ მხარეზედაც ჩვენ ვსაუბრობთ. არ მგონია საღად მოაზროვნე ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, როდესაც ამ ფორმის პროტესტს შეხედავს… იმისთვის ძალიან ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია ჩემთვის იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც თქვენ დამისვით. აი, ამ მაგალითს რომ ავიღებ, რა ფორმით აპროტესტებენ ისინი ამ ჩანაწერს, კიდევ ერთხელ ვამბობ, დავანებოთ თავი ავთენტურია თუ არ არის ავთენტური. ეს არის იმდენად მიუღებელი ჩემთვის,  ძალიან შემაძრწუნებელია პროტესტის ის ფორმა, რაც იყო. მე არ მახსენდება, რომ საერთოდ ასეთი რამ თუ მომხდარა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

„ TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.