შემაქვს საჩივარი, გამოიძიონ, რა ტიპის მიყურადებას ჰქონდა ადგილი და ვისი დავალებით - დოლიძე

პუბლიკა

მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე ტელეკომპანია „მთავართან“ ამბობს, რომ მას შეაქვს საჩივარი მთავარ პროკურატურაში მის მიმართ სავარაუდო ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნება“ ყალიბდება ისეთ ხელისუფლებად, რომლის ოპონენტებთან გამკლავების ერთ-ერთი იარაღი, სერიოზული იარაღი, არის მორალური ტერორი, მათ შორის მიყურადებით, თვალთვალით, ჩაწერით და შესაძლო შანტაჟით.

იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ყველა აღვუდგეთ წინ ამ პრაქტიკას, გავაჩეროთ ეს პრაქტიკა, მე შემაქვს საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაში. გამოიძიოს, რა ტიპის მიყურადებას ჰქონდა ადგილი, როდის, რა გარემოებაში და რაც მთავარია, ვისი დავალებით“, – ამბობს ანა დოლიძე.

გუშინ საქართველოს სახალხო დამცველი 21 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გავრცელებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი სავარაუდო ფარული ჩანაწერების არსებობაზე, მათ შორის, პოლიტიკოს ანა დოლიძის მიმართ.

როგორც ომბუდსმენი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია სავარაუდო შემთხვევაზე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დროული და ეფექტიანი რეაგირება, მათ შორის გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება.