ევროკომისიის წარმომადგენელი რუსულ კანონზე: საქართველოს მისი გაწვევისკენ მოვუწოდებთ

პუბლიკა

რუსულ კანონთან დაკავშირებით მომზადებულ POLITICO-ს ახალ სტატიაში ევროკომისიის წარმომადგენელი შეშფოთებას გამოხატავს და მმართველ პარტიას მისი გაწვევისკენ მოუწოდებს. კომისიის წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარი ანონიმურად გააკეთა.

„საქართველოს მმართველი პარტიის მიერ კანონპროექტის ხელახალი წარდგენა… სერიოზულად შემაშფოთებელი განვითარებაა და საქართველოს მისი გაწვევისკენ მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მიერ აღებული საჯარო ვალდებულებების შესაბამისად.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ დათქმით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. მათ შორისაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მუშაობა და სამართლებრივ და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში მათი მნიშვნელოვანი ჩართულობა და თავისუფლად საქმიანობა”, – აღნიშნა კომისიის წარმომადგენელმა.


„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.