„შემაშფოთებელია“ - კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში საია-ს სარჩელზე

პუბლიკა

„შემაშფოთებელია, რომ ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საია-ს სარჩელს გამოეხმაურა.

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, არეულობის სცენარის ხელშემწყობი ამგვარი ქმედებები კიდევ უფრო აღრმავებს საზოგადოების უნდობლობას ენჯეოების მიმართ და მათ ნებისმიერ სიტყვას უკარგავს ფასს.

„შემაშფოთებელია, რომ ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ 5 წლის წინ ღიად, თავისი სახელით განახორციელა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კეთდება. შემაშფოთებელია, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ახალი აბსურდული სარჩელით არჩევნებისთვის პრობლემის შექმნას გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს.

როდესაც სამი თვის წინ, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კანონზე არც კანონის მიღების პროცესში და არც მისი მიღებიდან სამი თვის განმავლობაში არაფერს ამბობ და შემდეგ ამ კანონს ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აპროტესტებ, ეს ფაქტი სარჩელის უკან მდგარ უაღრესად მანკიერ პოლიტიკურ მოტივზე ბუნებრივია, თავისთავად მეტყველებს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, მუნიციპალური საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენება იმ საბაბით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ზედმიწევნით გათანაბრებული არ არის, სრული ნონსენსია.

LB loan image desktop LB loan image mobile