შემაშფოთებელია პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორთა დევნა - სკოლის დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობა

პუბლიკა

სკოლის დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობა თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ.

119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თეა ბრეგვაძე მიიჩნევს, რომ სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მშობლების და მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა. განათლების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკურ მოტივს.

სკოლის დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებით, მათთვის შემაშფოთებელია პოლიტიკური ნიშნით სკოლის დირექტორთა დევნა და დაკავებული პოზიციებიდან მათი გათავისუფლება მინისტრის მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით. ხოლო მოძრაობა მზადაა კვალიფიციური მხარდაჭერა შესთავაზოს ზოგად განათლებაში დასაქმებულ ყველა პირს.

„ამისათვის თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ რეგიონებში არსებულ ნდობის ჯგუფების წარმომადგენლებს, კოორდინატორებს ან მოგვწეროთ ჩვენი სოციალური ქსელისა თუ ელ. ფოსტის – efacoalition@efageorgia.ge – მეშვეობით. შეგახსნებეთ, რომ სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობა არის აპოლიტიკური, დამოუკიდებელი ერთობა და არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ ძალასა თუ სახელისუფლებო ორგანიზაციას“, – აცხადებს მოძრაობა.

ასევე, მოძრაობის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტაციული პერსონალის იძულებით მონაწილეობა პარტიულ ღონისძიებებში, რის შესახებაც, ბოლოს 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ გამართულ აქციაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანების პოლიტიკურ, სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს.

„ასეთი ტიპის იძულება ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების მიზნებს და ხელს უშლის თავისუფალი მოქალაქის აღზრდას. გვსურს გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება და მოვუწოდოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა და წინასაარჩევნო კამპანიური ღონისძიებებისას უზრუნველყონ საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვა“, – აცხადებს სკოლის დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობა.