შემოდის კულტურა, რომ ადამიანებს აქვთ მოთხოვნა, იყოს მწვანე სივრცეები - კალაძე

პუბლიკა

ნელ-ნელა შემოდის ეს კულტურა, რომ ადამიანებს აქვთ მოთხოვნა, იყოს სივრცეები, სადაც თავიანთი შვილებით, თავიანთი პატარებით დაისვენებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ნელ-ნელა შემოდის ეს კულტურა, რომ ადამიანებს აქვთ მოთხოვნა, იყოს სივრცეები, სადაც თავიანთი შვილებით, თავიანთი პატარებით დაისვენებენ. პარკებში ბავშვებისთვის სპეციალური კუთხე არის ატრაქციონებისთვის. ყველა ადამიანისთვის არის შესაბამისი ზონები მოწყობილი”, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მერმა მიმოიხილა იმ პარკების რეაბილიტაციის პროექტები, რომლებიც უკვე დასრულდა ან უახლოეს დღეებში დასრულდება.

კახა კალაძის ინფორმაციით, გლდანის მე-8 მიკრორაიონში, 23-ე, მე-11 და მე-9 კორპუსების მიმდებარედ, დაწყებულია სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პარაკევს ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში გაიხნსება ერთი პარკი, რომელიც, კალაძის თქმით, 2 ჰა ფართობზეა. რამდენიმე დღეში გაიხსნება ასევე მზიურის პარკი. გარდა ამისა, კიკვიძის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც სრულდება და მომდევნო კვირაში ისიც გაიხსნება.

უკვე გაიხსნა ყაზბეგის გამზირზე, გოძიაშვილის პარკის მოპირდაპირე მხარეს ახალი სკვერი, რომელზეც კალაძე ამბობს, რომ ამ ტერიტორიის გასხვისებას წინა ხელისუფლება იმისთვის გეგმავდა, რომ კორპუსები აშენებულიყო. თავად გოძიაშვილის პარკის რეაბილიტაცია კი მერიამ გასულ წელს დაასრულა.

თბილისის მერმა სხდომაზე განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ჰაერის მაქსიმალურად გასუფთავებაა, რაც პარკებთან ერთად, სამშენებლო სექტორის რეგულირებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების ხარჯზე იგეგმება.

„დედაქალაქის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, ეს შესაძლებელია ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნით, შესაძლებელია იმ მთელი რიგი რეგულაციებით, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ სამშენებლო სექტორში. ჩვენ აუცილებლად უნდა შევძლოთ, რომ ჰაერი გავასუფთაოთ და მოვახერხოთ ეს ყველაფერი ამ გამონაბოლქვის შედეგად, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და 90% ჰაერის დაბინძურების ზუსტად ამ მიმართულებას უკავია. იცით, რომ დაწყებული გვაქვს საზოგადოებრივი ტრასპორტის განახლება, მთლიანად ჩანაცვლება, რომელიც წლის ბოლოსთვის იქნება დამთავრებული”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილში ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე წელია, „ანას ბაღის” მომიჯნავედ დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს და მერიას კორპუსის მშენებლობის ადგილმონაცვლეობას სთხოვს. მათი თქმით, ბაღის მომიჯნავედ კორპუსის აშენების შემთხვევაში ეზო ფუნქციას დაკარგავს.

კორპუსის აშენებას ასევე აპროტესტებენ თბილისში, ალუბლების ქუჩაზე.  ადგილობრივი მოსახლეობა იგივე ადგილზე სკვერის ან სპორტული მოედნის გაშენებას ითხოვს.