შემოქმედის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსებ კიკვაძის მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვა ვრცელდება.
ამ მიმართვაში მიტროპოლიტი სთხოვს ხელისუფლებას, გადაიყვანონ სააკაშვილი „სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში“. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდება ხელისუფლება და მთელი საქართველო.
მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, რომ ის დღეს ღმერთთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს და მისი განსაცდელი საკმარისია იმისთვის, რომ ღმერთი ლოცვას შეისმენს და თხოვნას შეუსრულებს.
ამავე მიმართვაში იოსები მადლობას უხდის ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, რომელმაც აღსარება ჩაიბარა და აზიარა სააკაშვილი. მიტროპოლიტი განმარტავს, რომ განსაცდელში მყოფი ადამიანისთვის სავალდებულო არაა მარხვა, რადგან ყველაზე დიდი მარხვა სწორედ განსაცდელია და მისი განკითხვა სრულიად უსაფუძვლოა.
„მოკრძალებით მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტს,თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს.თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ, საკმარისია, ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას. ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია.
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე ნიკოლოზს,რადგანაც მან აღასრულა უპირველესი მოვალეობა ქრისტიანისა,აღსარება ჩაიბარა ყოფილი პრეზიდენტიდან და ბოლოს აზიარა იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ასევე მინდა განვმარტო, რომ ადამიანისთვის, რომელიც ზის ციხეში, ან საავადმყოფოშია, სრულებითაც არ არის სავალდებულო მარხვა, რადგანაც ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია და მის მიმართ განკითხვა სრულიად უსაფუძვლოა“, – ნათქვამია მიმართვაში.
მიტროპოლიტი მოიხმობს უფლის სწავლებას და ამბობს, რომ „ღმერთი განსაკუთრებით იცავს და უსმენს იმ ადამიანს ვინც განსაცდელშია, ვინც დევნილია სამშობლოსგან, ვინც ავადაა და სხვა“.
„ქრისტიანობა არის, ვიცხოვროთ სხვისთვის, ვიცხოვროთ სამშობლოსთვის და ერთმანეთისთვის და როგორც ღმერთი მოკვდა,თავი შეწირა ჩვენთვის,ასევე უნდა მოვკვდეთ ქრისტეს გულისთვის, სამშობლოსთვის, კაცობრიობისთვის.
ვაი თქვენდა ფარისეველნო, სადუკეველნო და მწიგნობარნო, რამეთუ სასუფევლის კარებში დგახართ არც თქვენ შედიხართ და არც სხვას არ აძლევთ უფლებას (ანუ აბრკოლებთ), რომ დაიმკვიდრონ სასუფეველი ღმრთისა. ამიტომ გეუბნებით მე თქვენ, ბრძანებს უფალი: მონანული ავაზაკების,ქურდების,მრუშების,მკელობლების, და სხვა ცოდვის ჩამდენთა მიმართ, ისინი შევლენ სასუფეველში,რამეთუ მირწმუნეს და მაღიარეს მე მამიჩემის წინაშე ხოლო თქვენ განგდებულ იქნებით გარესკნელსა.
მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას ჩემ საკუთარ თავსაც, გვეშინოდეთ ღმერთის უფალი იესო ქრისტეს ამ სიტყვების გვეშინოდეს, რომ ჩვენ არ შეგვეხოს ღმრთის მრისხანება,გვეშინოდეს დევნული,ღარიბი,ციხეში მყოფი, ავადმყოფი, განსაცდელსა შინა მყოფი ადამიანების, რამეთუ ისინი იესო ქრისტეს მსგავსნი არიან და ძალიან ახლოს არიან ღმერთთან.
მოკრძალებით, კიდევ ერთხელ ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანეთ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებით თქვენ, ყველა,მთელი საქართველო“, – წერია მიმართვაში.
8 ნოემბერს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი აზიარა.
ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ეს დღე შეაფასა, როგორც ისტორიული დღე. მისი თქმით, სააკაშვილი 40 დღე მშრალ მარხვაზე იყო, ნებაყოფლობით დიდი ღვაწლი გასწია, აღსარება ჩააბარა და ღირსეულად ეზიარა.
მიტროპოლიტმა სააკაშვილის ღვაწლზე საუბრისას ის შეადარა დავით აღმაშენებელს, დემეტრე თავდადებულს.
10 ნოემბერს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც ნიკოლოზ ფაჩუაშვილი გააკრიტიკეს მისი განცხადებების გამო.
„საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით … და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს.
ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.
ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა“, – წერს საპატრიარქო.