მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ეზიარა

პუბლიკა

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეზიარა.

ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ეს დღე შეაფასა, როგორც ისტორიული დღე. მისი თქმით, სააკაშვილი 40 დღე მშრალ მარხვაზე იყო, ნებაყოფლობით დიდი ღვაწლი გასწია, აღსარება ჩააბარა და ღირსეულად ეზიარა.

„პოლიტიკოსისთვის ეს არის შიმშილობა, ჩემთვის – მარხვა“ – აღნიშნა მან.

მიტროპოლიტმა სააკაშვილის ღვაწლზე საუბრისას ის შეადარა დავით აღმაშენებელს, დემეტრე თავდადებულს.

მიტროპოლიტისვე ინფორმაციით, სააკაშვილს შიმშილობის შედეგი გარეგნულად ეტყობა. ის დასუსტებულია, თუმცა საღად აზროვნებს.

ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო ზიარება და ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ პატრიარქმა გასცა ლოცვა-კურთხევა, რომ სააკაშვილს მიეღო ზიარება.

„დღეს არის 8 ნოემბერი და მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 39-ე დღე და დღეს არის ისტორიული დღე, ეს არის ჩემი პირველი შეფასება.

საპყრობილეში მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მან მიიღო წმინდა ზიარება. მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს და მე მინდა, ამ მოვლენის შეფასება გავაკეთო.

ეს არის ფიზიკურად პატარა ნამცეცი სულ პატარა, რომელიც არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით და მან ეს მიიღო. მინდა, გითხრათ, რატომ ვთვლი, რომ დღეს არის ისტორიული დღე:

მასზე ხშირად ამბობენ ასეთ რამეს, რომ მოინანიოს, შეინანოს და მე მინდა გითხრათ, რომ სინანული ქრისტიანული გაგებით არის მოქმედება და არა „ნიანგის ცრემლები“, ანუ მოჩვენებითი აღიარება იმისთვის, რომ საპყრობილიდან თავი დაიხსნას, რაც ბევრჯერ გვინახავს, სამწუხაროდ.

მე ვიტყვი ისეთ წინადადებებს, რომელზეც შეკამათება არ შეიძლება – ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი; რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და 40 დღე იმარხულა ამ ადამიანმა, იმარხულა მშრალი მარხვით. ამის შემდეგ მან თქვა აღსარება და ეზიარა. 30 წელია, მე ვიღებ ადამიანებისგან აღსარებას და ვაზიარებ მათ და არასოდეს არავის მოუცია შენიშვნა, რომ უღირსად ვაზარე ადამიანი.

იგი ეზიარა ღირსეულად და ვისაც თვალში ეცოტავება და ეპატარავება, 40 დღე იმარხულეთ და შემდეგ თქვით აღსარება და ეზიარეთ და ნახეთ, რა ღვაწლი გასწია.

ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გასწია, ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისა და გაძლიერებისთვის და კიდევ იცით რისთვის? – რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს.

თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება რომ ქვეყნის პირველი პირი ნებაყოფლობით ასეთნაირად… დიდი ღვაწლია, მამები აკეთებდნენ ასეთ რამეს… მარხვის შენახვა უჭირს ხალხს და 40 დღე ასეთი მშრალი მარხვის შენახვა ნამდვილად, აღსარება და ზიარება, ჩემი აზრით, არის დიდი ღვაწლი.

მე შემიძლია ისტორიული მაგალითები დავასახელო მხოლოდ, თანამედროვე  ცხოვრებაში ასეთი მაგალითები არ ვიცი – ასეთი იყო დავით მეფე, მეფსალმუნე, რომელმაც ცოდვა ჩაიდინა და ფსალმუნი დაგვიტოვა, ეს იყო დავით აღმაშენებელი, რომელმაც გალობანი სინანულისანი შექმნა, ეს იყო დემეტრე თავდადებული, ჩვენი სათაყვანო მეფე, რომელიც მძიმე ცოდვებით იყო და ეს ცოდვები მოწამებრივი სისხლით ჩამოირეცხა. ეს არის ადამიანი, რომელმაც აი ეს ღვაწლი გასწია“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ეჭვებზე საუბრისას მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ „ადამიანმა სახე არ უნდა დაკარგოს და უნდა შეინარჩუნოს აზროვნების უნარი“.

შეკითხვაზე, აგრძელებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ასეთი რამ მას სააკაშვილისთვის არც კი უკითხავს.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავა, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ეს ადამიანური, ჰუმანური საკითხია, რომელიც, მისი პოზიციით, საჭიროა.

„ადამიანი, ერთი მხრივ მნიშვნელოვანი პიროვნება, როგორიც მიხეილ სააკაშვილია და მეორე მხრივ, ადამიანი, რომელიც ასეთი მძიმე სტრესის ქვეშაა, 40 დღეა, მშრალად მარხულობს, ვფიქრობ, განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება.

რაც შეეხება მის გათავისუფლებას, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი თავის საქციელზე, ოღონდ შესაბამისად სასამართლო, განსჯა ამისი უნდა იყოს ადეკვატური“, – ამბობს ის.

ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი განცხადება სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, არა პოლიტიკური, არამედ ქრისტიანული განცხადება იყო.

ჟურნალისტებმა მიტროპოლიტს შიო მუჯირის ქადაგების შეფასებაც სთხოვეს.

„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე“, – განაცხადა 17 ოქტომბერს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებაში.

ამ ქადაგების შეფასებისას ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ანდაზა დაიმოწმა, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.

ფაჩუაშვილმა მიმართა სასულიერო პირებს, რომ დღეს ყველა შეკითხვას გაეცა პასუხი, რადგან სააკაშვილი ეზიარა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile