შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი მედიის შეზღუდვაა - ქარტია „მედიის კანონს“ აფასებს

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აკრიტიკებს „ოცნების“ მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

ქარტია არ ეთანხმება „ოცნების“ ლიდერების მოსაზრებას, რომ მედიის თვითრეგულირების მექანიზმი არაეფექტიანია და საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა.

მათი განცხადებით, სწორედ ქარტიაა ეფექტიანად მოქმედი თვითრეგულირების მექანიზმი.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიის მომხმარებლებს ამჟამად არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინტერესი თვითრეგულირების ორგანოში დაიცვან. ქარტიამ არსებობის 15 წლის განმავლობაში ამა თუ იმ მედია საშუალების თუ ცალკეული ჟურნალისტის მხრიდან პროფესიული სტანდარტის დარღვევის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა ობიექტურად და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.  ქარტია ამაყობს წლების განმავლობაში გაწეული შრომით და მის მიერ დადგენილი პრაქტიკით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიას მიაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მიზანი მედიის შეზღუდვაა.

„ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფართო ფრონტით წარმოებული შეტევის ფონზე, ქარტიას ეჭვი ეპარება „ქართული ოცნების“ ლიდერების განზრახვის კეთილსინდისიერებაში და მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ აინიციირებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შესაზღუდად, სამუშაო პირობების გასაუარესებლად, კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის დასამორჩილებლად“, – აცხადებს ქარტია.

მათი შეფასებით, ჩნდება თვითცენზურისა და ცენზურის საფრთხე.

„საკითხები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადმოაქვს, ყველა განვითარებულ დემოკრატიაში მედიის თვითრეგულირების ორგანოებისა და სარედაქციო განსჯის საგანია. ქარტიისთვის მიუღებელია ამ საკითხებთან დაკავშირებულ დავებში არბიტრად საქართველოს კომუნიკაციის კომისიის შემოყვანა, რომლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით წლებია, დიდი კითხვის ნიშნები არსებობს, და რომლის მიმართ სრულიად სამართლიანად, ბევრი პრეტენზია აქვთ მედიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

ჟურნალისტებს შეცდომებზე კოლეგებმა უნდა მიუთითონ და არა ჩინოვნიკებმა, რომელთაც სანქციების დაწესებისთვის ფართო მანდატი ეძლევათ.

განვითარებას ხელს უწყობს თვითრეფლექსია და არა სადამსჯელო ღონისძიებები“, – აცხადებს ქარტია.

მათივე შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებების შინაარსი სცდება თვითრეგულირების საკითხებს და შემზღუდავ ნორმებს პროფესიული სტანდარტად წარმოადგენს.

„მიუღებელია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტის იმგვარად ინტერპრეტაცია, როგორც ეს არის მოცემული შემოთავაზებულ ცვლილებებში. წარმოდგენილი წესები ერთადერთ მიზანს ემსახურება – არ მისცეს ჟურნალისტებს საჯარო სივრცეებში, საჯარო პირებისთვის, საჯარო ინტერესით ნაკარნახები კითხვების დასმის შესაძლებლობა, რათა მათ ვერ შეძლონ კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის, სოციალური პრობლემების და სხვა საკითხების გაშუქება და დისკომფორტი არ შეუქმნან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს.

შემოთავაზებული ცვლილებების ერთი ნაწილი უხეშად ერევა სარედაქციო გადაწყვეტილებებში და სარედაქციო გემოვნების საკითხებსაც არეგულირებს.

შემოთავაზებული ცვლილებები იმგვარად შემბოჭავია, რომ ჟურნალისტებს ართმევს პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობას

შემოთავაზებული ცვლილებები კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის ჟურნალისტებისთვის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს და ართულებს მათგან კომენტარის მოპოვებას. საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და საჯარო პირებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ზრდის ჟურნალისტების მხრიდან შეცდომების დაშვების საფრთხეს, რომლებსაც ინფორმაციის მოსაპოვებლად ალტერნატიული წყაროების გამოყენება მოუწევთ.

ყოველივე ზემოთქმული ქარტიისთვის ნათელს ხდის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ამოძრავებს მედიაგარემოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებისათვის უფრო ხარისხიანი მედიაპროდუქტის მიწოდების ინტერესი.

შესაბამისად, ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შემოთავაზებული ცვლილებები გაიწვიოს და რეპრესიული მექანიზმების შემოღების ნაცვლად, თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იზრუნოს“, – აცხადებს ქარტია.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააინიციირა მაუწყებლობის შესახებ კანონში ორი ცვლილება, რომლითაც მაუწყებლების დაფინანსების და მუშაობის სტანდარტებს დაარეგულირებს. დაფინანსების აკრძალვა „უცხოური ძალისგან“ მიღებულ პირდაპირ და ირიბ დაფინანსებას უკავშირდება, ხოლო მუშაობის სტანდარტებთან დაკავშირებით, „ოცნება“ ამტკიცებს, რომ დანერგავენ ე.წ ბრიტანულ მოდელს, რომლითაც ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაცია იქნება უზრუნველყოფილი.

მოქმედი კანონით, ფაქტების სიზუსტეზე, პასუხის უფლებაზე, სამართლიანი გაშუქების უფლებაზე და სხვა საკითხებზე მაუწყებლის წინააღმდეგ საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმს ექვემდებარება

შემოთავაზებული ცვლილებით, ეს საკითხები შეიძლება გასაჩივრდეს როგორც თვითრეგულირების მექანიზმში, ასევე კომუნიკაციების კომისიაში.

უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც სხვა სახელმწიფოსთანაა კავშირში.

იკრძალება უცხოური ძალისგან ფულის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის  მიღება.

იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, პროგრამის მომზადების, ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.