შემოთავაზებული ვერსია არაა საკმარისი გამოწვევების დასაძლევად - საია ამომრჩევლის ნების კონტროლზე

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტზე დასკვნა წარუდგინა. ორგანიზაცია დადებითად აფასებს კანონპროექტის შემუშავების პროცესს, ღია ფორმატს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს რიგ ცვლილებებს: პარტიების დაფინანსების ახალი მოდელს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების საარჩევნო აგიტაციაში ჩართვის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ დამატებით რეგულაციებსა და სხვ. თუმცა, საიაში ფიქრობენ, რომ კვლავ რჩება საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი

„პროექტით გათვალისწინებული მექანიზმები არ არის საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და აუცილებელია: (1) სააგიტაციო მასალის განთავსების შეზღუდვის დისტანციის გაზრდა 100 მ.-მდე, (2) იმავე რადიუსში ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის ყოფნის აკრძალვა (გარდა ამომრჩევლისა, კენჭისყრის შენობასთან მისვლის ვადით)“.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება

„შემოთავაზებული ცვლილებები ინარჩუნებს არსებულ მდგომარეობას და ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას. მომდევნო არჩევნებიდან მიზანშეწონილად მიგვაჩნია, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე გადასვლა.“

გენდერული კვოტირება

„საია მიესალმება გენდერული კვოტირების შემოღებას (შემოთავაზებულია 25%), თუმცა ვთვლით, რომ გრძელვადიანი და მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად მნიშვნელოვანია განსხვავებული სქესის წარმომადგენლობა პარტიულ სიაში 50%-მდე გაიზარდოს“.

საიას შენიშვნების დეტალურად გასაცნობათ იხილეთ ბმული.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით დღეს განიხილა და მხარი დაუჭირა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.