„შემოვიდა მეზობელი, რომელმაც სცადა ჩემი და მამას მოკვლა“ - შსს-მ ერთი პირი დააკავა

პუბლიკა

მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინაში მეზობელი მას და მამამისს თავს დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

შსს-მ კაცი უკვე დააკავა და ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევა 18 ივნისს მოხდა. მოქალაქე წერს, რომ შუაღამისას, მის ბინაში შემოვიდა 25 წლის კაცი და სცადა მამა-შვილის მოკვლა. ის სოციალურ ქსელში ფოტო- და ვიდეომასალასაც აქვეყნებს, რომელსაც შინაარსის სიძიმის გამო „პუბლიკა“ მასალას არ ურთავს.

„ადამიანმა, რომლის სახელიც ახლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი, სცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე. მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4 ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი. ყველანაირად სცადა ჩემი მოკვლა. აბანოში მგუდავდა, 3-ჯერ გავაგდებინე დანა, ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე, თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი მოუშვა გაზი და გაიქცა…მიზეზი უცნობია, რის გამო კლავდა მამას და მე როგორც მოწმეს“, – აღწერს ის.

სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა მეზობლების მიერ გადაღებული კადრებიც, რომელზეც ასახულია, როგორ აყენებს კაცი ფიზიკურ შეურაცხყოფას ქალს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.