შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი - იოსელიანი გვარამიას პასუხობს

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი ნიკა გვარამიას მიერ საჯაროდ დასმულ შეკითხვას facebook პოსტით ეხმაურება.

ნიკა გვარამიამ იოსელიანს, როგორც სახალხო დამცველის კანდიდატს ასევე facebook პოსტით ჰკითხა როგორ ფიქრობს, არის  თუ არა ის პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე?

„ნამდვილად სწორია, პატიმრობაში მყოფმა ადამიანმა საჯაროდ დაუსვას შეკითხვები სახალხო დამცველობის კანდიდატს. მეც მზად ვარ, საჯაროდ დასმულ ყველა შეკითხვას, პასუხი ასევე საჯაროდ გავცე. მიმაჩნია, რომ ჩემი განცხადებები შენს საქმესთან დაკავშირებით არასდროს ტოვებდა ორაზროვან შთაბეჭდილებას, მაგრამ ვხვდები, საშუალება არ გქონდა ყველაფრისთვის მიგედევნებინა თვალი.

შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა“,- წერს იოსელიანი.

შეკითხვაზე, უნდა გქონდეს თუ არა გვარამიას მისი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, როგორც იოსელიანი წერს, პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მისი იმედი უნდა ჰქონდეს, როგორც გვარამიას, რომელიც ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

„მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი. და ბოლოს მინდა გისურვო, მხნეობა და მალე განთავისუფლება პატიმრობისგან, რომელსაც ვთვლი, რომ ღირსეულად იტან“,- წერს იოსელიანი.

ამავე პოსტში იოსელიანმა უპასუხა ხატია დეკანოიძის მიხეი სააკაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვას.

როგორც იოსელიანი წერს, მას სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიაჩნია. 

„თუმცა ვთვლით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის დაცვა და მისთვის ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ასევე, დავძენ, რომ სახალხო დამცველის არცერთ ანგარიშში არ გვხვდება მისი, როგორც პოლიტიკურ პატიმრად შეფასება“,- წერს იოსელიანი.