შენობა ვერ აშენდება ისე, თუ არ იქნება მორგებული ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებებს - OSGF

პუბლიკა

„ღია საზოგადოების“ ფონდის (OSGF) ცნობით, საქართველოს მთავრობამ 4 დეკემბერს  მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით, ვერც ერთი შენობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ აშენდება ისე, თუ არ იქნება მორგებული ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ადამიანების საჭიროებებს. მათივე განცხადებით, ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1 მარტიდან შევა და ამ პერიოდის შემდეგ გაცემულ სამშენებლო ნებართვებს შეეხება.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიღწევაა ღია საზოგადოების ფონდის ადვოკატირების საქმიანობაში, რაც თანაბრად აისახება ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირზე, გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს და ხელს შეუწყობს მათ სრულყოფილ და დამოუკიდებელ მონაწილეობას ყველა სფეროში.

„ღია საზოგადოება“ წერს, რომ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ათეულობით შეხვედრა ჩატარდა შშმ პირებთან, ამას გარდა, ფონდის ინიციატივით ითარგმნა და საქართველოს რეალობას მოერგო საერთაშორისო სტანდარტი „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და მოწყობილობები“, რომელიც მოიცავს საჯარო სარგებლობის შენობა-ნაგებობების, სარეკრეაციო სივრცეების, ქუჩებისა და დამხმარე საშუალებების უნივერსალური მოხმარების კონცეფციას და ითვალისწინებს სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირების მრავალფეროვან საჭიროებებს.

„რეგლამენტში წარმოდგენილი ტექნიკური კრიტერიუმები ადგილებს, საშუალებებს, შენობებსა და ელემენტებს იმ ადამიანებისთვის მისაწვდომსა და გამოყენებადს ხდის, რომელთაც ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, სიარულისას დამოკიდებულნი არიან დამხმარე საშუალებებზე, არიან უსინათლონი და მცირემხედველნი, ყრუ და სმენადაქვეითებულნი, არ შეუძლიათ კოორდინაცია, არ შეუძლიათ რამესთან მიღწევა და მანიპულაცია/ხელის მტევნისა და თითების მოძრაობა, ნაკლებ ამტანები არიან, უჭირთ გრძნობიერი ინფორმაციის გადმოცემა და მასზე რეაგირება და ახასიათებთ ფიზიკური ზომის უკიდურესობები.

ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგლამენტში გათვალისწინებულია ყველა კატეგორიის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები.

ერთწლიან სამუშაო პროცესში ინტენსიურად მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, თბილისის მერიის წარმომადგენელი გიგა სოფრომაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შშმ პირები და ორგანიზაციები, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების და მისაწვდომი სტანდარტების ექსპერტები და გაეროს განვითარების ფონდის თანამშრომლები“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.