საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ვითარება არის რთული და ის უნდა შეიცვალოს. როგორც მიხეილ სარჯველაძე ამბობს, ინფორმაციის დახურვა არის საზიანო პირველ რიგში პანსიონში მცხოვრები ბავშვებისთვის.
„ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საკითხი განსაკუთრებულად მწვავეა. შექმნილია ვითარება, რომელიც ასე ვერ გაგრძელდება, სამწუხაროდ, და აქვე მინდა ვთხოვო ყველას, რომ ნურავინ ეცდება რომელიმე მხარე წარმოაჩინოს შავ ფერში და რომელიმე თეთრში და ასე გაიყოს ვითარება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკლებლივ ყველას ჩართულობა და საამისოდ მეც მინდა მზადყოფნა გამოვხატო. საჯაროდ ვაფიქსირებ, ვითარება მოითხოვს დაუყოვნებლივ, უსწრაფესად შეცვლას და სწორ, ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას. საამისოდ ყველას ძალისხმევა იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი, ყველა დაინტერესებული მხარის.
ინფორმაციის დახურვა, ჩაკეტვა არის ყოველმხრივ საზიანო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ ბავშვებისთვის. უნდა ვიზრუნოთ ყველამ, რომ გამოსწორდეს ეს მდგომარეობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.