შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ვაქცინაციის გეგმის მიხედვით საქართველოში შერჩეული არის 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი.

„დარეგისტრირებული არის 64 051 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის პროცესზე ზრუნვაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ სეგმენტს რა თქმა უნდა, ეს ვაქცინების ნაწილი განკუთვნილი არის სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ვაქცინაციის გეგმის მიხედვით საქართველოში შერჩეული არის 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა მინისტრმა.


COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია – შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე, უწყების ცნობით, COVAX-პლატფორმიდან საქართველოსთვის „ასტრაზენეკას“ 129 600 დოზა, ხოლო „ფაიზერის“ 29 250 დოზაა გამოყოფილი, რომლის მოწოდება მაისის ბოლომდე დასრულდება.

„ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შაბათ-კვირას დასრულდება.

ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.

ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება.