შერჩევითი სამართლის თვალსაჩინო დაკანონება ანადგურებს სახელმწიფოებრიობის ცნებას - მოძრაობა „სირცხვილია"

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილია” პოლიტიკური პარტია „გირჩის” მიერ ორგანიზებულ „საპროტესტო სეირნობაზე” აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავებას და 20 ადამიანის დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.

„განურჩევლად იმისა, ვინ იზიარებს „გირჩის” მოთხოვნებს და ვინ – არა, ვის სურს შეზღუდვების გაუქმება, ვის – დატოვება და ვის – შეცვლა, თავად ფაქტი, რომ ხელისუფლება სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით და ახორციელებს შერჩევით სამართალს, როცა, მაგალითად, ის არ ეხება ჰიგიენის ნორმების ცალსახად დამრღვევ მრევლს, მაგრამ ძალის გამოყენებით აკავებს მშვიდობიან და დისტანცირებულ აქტივისტებს:

არის ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი დამღუპველი პრაქტიკა!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არალოგიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, იმ ფონზე, როცა კრიზისის დასაძლევი გეგმა ჯერ წარმოდგენილი არ არის. მათ მიაჩნიათ, რომ ავტომობილებით გადაადგილების ალტერნატივის გარეშე აკრძალვა იმ ადამიანების შიმშილობისთვის გაწირვა იყო, რომელთაც შემოსავლის სხვა წყარო არ აქვთ; გადაადგილებისთვის საშვებს კი ხელისუფლება, მათი თქმით, ნეპოტიზმით გასცემს.

„პოლიცია, რომელსაც საგანგებო მდგომარეობაში ადამიანების დაცვის ნაცვლად, მათი დევნა დაევალა, გადაჭარბებული ენთუზიაზმით აჯარიმებს დაკარგული ძაღლის საძებნელად, სახლის ეზოდან 40 ნაბიჯით დაშორებულ ადამიანს და გვერდიგვერდ მსხდომ მეუღლეებს. ხოლო დღეს უკვე იპოდრომზე აჯარიმებს 20 ადამიანზე მეტს და აკავებს პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს. მაგრამ, იგივე პოლიცია ამბობს, რომ ვერაფრით აღმოაჩინა წესების დარღვევა ეკლესიის ეზოში შეკრებილი ასობით ადამიანის შემთხვევაში.

ხელისუფლება უბრალოდ იგონებს ახალ შეზღუდვებს და არ თვლის საჭიროდ, აგვიხსნას შეზღუდვების რაციონალურობა ან როგორ აზღვევს ნეგატიურ გვერდით მოვლენებს. კრიზისთან მებრძოლი გმირების მანტიაში გამოხვეული მაღალჩინოსნები ღიზიანდებიან ნებისმიერი კრიტიკული კითხვის დასმისას, დასცინიან და აკრიტიკებენ ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთი ჯანმრთელობის ფასად გვაწვდიან ინფორმაციას, რათა ინფორმაციულ ვაკუუმში არ აღმოვჩნდეთ.

გვესმის, რომ ყველა არ იზიარებს „გირჩის” აქციის მოთხოვნებს და შეზღუდვების სრულად მოხსნას, თუნდაც ისევ და ისევ მთავრობის მოსახლეობასთან კომუნიკაციის უუნარობის გამო – უპასუხისმგებლობად მიიჩნევს. ისიც გვესმის, რომ გონივრული შეზღუდვები რისკჯგუფებში მყოფი ადამიანების დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რადგან მათ დაცვას, დაინფიცირების შემთხვევაში, არსებული ჯანდაცვის სისტემითა და რესურსებით უბრალოდ ვერ შევძლებთ. თუმცა, ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა და შერჩევითი სამართლის ასე თვალსაჩინო დაკანონება სრულად ანადგურებს სახელმწიფოებრიობის ცნებას და ვირუსის წინააღმდეგ აქამდე გაწეულ ბრძოლასაც წყალში ყრის.

მთავრობიდან არავინ გვესაუბრება იმაზე, როგორ უნდა ირჩინონ თავი ადამიანებმა, რომლებმაც მთავრობის საეჭვოდ არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგად სამსახური დაკარგეს და სხვა ადამიანების ვირუსისგან დასაცავად – მტანჯველი შიმშილისთვის არიან განწირული. და სანამ ჩვენ იმას ვადგენთ, უვიცობისგან მოსდით თუ ბოროტებისგან, ხელისუფლება თავდაუზოგავად ხარჯავს ადამიანურ, ფინანსურ თუ დროით რესურსს პროტესტის დისკრედიტაციისთვის, განსხვავებული აზრის მარგინალიზებისთვის და მათი ბელადის, ბიძინა ივანიშვილის, რეალობას მოწყვეტილ ახირებათა მოტივებზე სამსჯელოდ, ნაცვლად რეალური ზრუნვისა.

ძალიან გვიმარტივდება #დარჩისახლში მოწოდებების გაჟღერება დისტანციურად მომუშავე, სახლში თბილად მჯდომ ადამიანებს, რომლებმაც წიგნების კითხვისთვის, ვარჯიშისთვის და ოჯახის წევრებთან ხარისხიანი ურთიერთობისთვის გამოვიყენეთ ეს შეზღუდვები, თუმცა, საკუთარი კომფორტის ზონის მიღმა გახედვისას შეუძლებელია არ დავინახოთ ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები, მოხუცები და ბავშვები, რომლებსაც ხელისუფლებამ პურის ნაცვლად სანახაობა შესთავაზა და ტიკტოკის ჰანგებზე აცეტებით მოცეკვავე ბიძინა ივანიშვილი მიუგდო დროის გასაყვანად”, – წერია განცხადებაში.


„გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა!“ – დღეს პარტია „გირჩმა“, ამ მოთხოვნით, იპოდრომზე აქცია გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

აღნიშნული აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა.

მათი მოთხოვნებია:
1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება;
2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა;
3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა;
4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა;
5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა;
6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა;
7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა;
8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა;
9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა
10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე;
11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი  3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

უწყების განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.