„შერიგება შედგა" - ბუკნარში მუსლიმი და ქრისტიანი თემის შეხვედრა დასრულდა

პუბლიკა

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრას სოფლის მცხოვრებლები, საქართველოს მუფთი, ადამ შანთაძე, ხელისუფლების წარმომადგენელთაგან ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, „ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანი და ჩოხატაურის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს. განაცხადეს, რომ ყველას აქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და ერთ სოფელში მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება დაუშვებელია.

„არ გვაქვს არაფერი შესარიგებელი; არ გვყავს ერთმანეთზე უკეთესი არავინ“;

„ჩვენ ყველა ერთად – ბუკნარის მცხოვრებლები უნდა შევთანხმდეთ, რომ უნდა ვიცხოვროთ კეთილმეზობლურად“; – განაცხადეს შეხვედრაზე ადგილობრივებმა.

მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე შეთანხმდნენ.

„რაზეც გუშინ შევთანხმდით, დღეს ამ შეხვედრაზე დაესვა წერტილი. შეხვდნენ. ერთმანეთისთვის რაც ჰქონდათ სათქმელი, მოკლედ უთხრეს. გააგრძელებენ ერთად ცხოვრებას და დარწმუნებული ვარ, აღარ იქნება მსგავსი რამ ამ სოფელში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ.

„ისტორიული და ემოციური შეხვედრის მომსწრენი გავხდით. ეს იქნება სიმბოლო მომავალი ჩვენი ურთიერთობებისა. ვლოცულობთ, დასრულდეს ეს ყველაფერი და ჩვენს ქვეყანაში ტოლერანტობა და შემწყნარებლობა იყოს. ვულოცავ ყველას“,  – განაცხადა  საქართველოს მუფთმა.