შესაბამისი ზომები მივიღეთ – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკული ბაზების დაბომბვაზე

პუბლიკა

ირანმა წუხელ ერაყში მდებარე ორი ამერიკული ბაზა ათობით ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მათთვის მიყენებულ ზიანზე ინფორმაციას აგროვებენ და შესაბამის განცხადებას დღეს გააკეთებს, თუმცა, ტრამპის თქმით, ყველაფერი კარგადაა და აშშ-ს მსოფლიოს ყველა წერტილში ყველაზე კარგად შეიარაღებული და ძლიერი სამხედრო რესურსი აქვს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის განცხადებით კი, ეს გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, თავდაცვისთვის მიღებული შესაბამისი ზომა იყო და ირანი ომსა და ესკალაციას არ ეძებს.

„ირანმა თავდაცვისთვის პროპორციული ზომები გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად მიიღო და იმ ბაზებზე მიიტანა იერიში, საიდანაც ირანელ მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე მიმდინარეობდა ლაჩრული შეიარაღებული თავდასხმები. ჩვენ არ ვეძებთ ესკალაციას ან ომს, მაგრამ ნებისმიერი აგრესიისგან თავს დავიცავთ“, – წერს ჯავად ზარიფი Twitter-ზე.