შესაძლო მძიმე დანაშაულზე გავრცელებული ინფორმაცია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა არაა - დემოკრატიის ინდექსი საქართველო

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსი – საქართველო ეხმაურება გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებს.

ორგანიზაცია მიიჩნევს რომ, შესაძლო მძიმე დანაშაულის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არის არა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, არამედ გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველი.

„რამდენადაც დიალოგი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, პირველ რიგში ამ დანაშულის გამოძიება ხდება პრიორიტეტი და არა იმ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა, რომლითაც სავარაუდო დანაშაული მჟღავნდება. აღნიშნული განპირობებულია დანაშაულის გამოვლენის აღმატებული საჯარო ინტერესით და მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულში სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირები იმხილებიან.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს კანონმდებლობით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, თუ ის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს და იგი გამოძიების ორგანოს გადაეცემა, პასუხისმგებლობის საფუძველს აღარ წარმოადგენს. ამდენად, კერძო საიდუმლოების დარღვევა, როგორც დანაშაული, აღარ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დაიწყოს გამოძიება.

გამოძიებით, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს აღნიშნული დიალოგების ავთენტურობა, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით. ამას მოითხოვს სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპები. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, ობიექტური, ყოველმხრივი და სანდო გამოძიებით დადასტურდა გავრცელებული დიალოგის ფაბრიკაცია, შეიძლება გამოიკვეთოს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის პასუსისმგებლობის საკითხი, ვინაიდან დანაშაულის გამჟღავნება, თუნდაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევით, საქართველოს კანომდებლობით პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. გავრცელებულ დიალოგში გაჟღერებული საარაუდო დანაშაულის გამოძიების პრიორიტეტულობასთან ერთად, ასევე, ნათელი ხდება მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებული სახელმწიფოს უუნარობა.

სახელმწიფო სუსტია, დაიცვას პირი დანაშაულის შეტყობინების შემთხვევაში მოსალოდნელი ანგარიშსწორებისგან – ინფორმაციის წყარომ გამოძიების ნაცვლად მასალა მედიასაშუალებებს გადასცა. აღნიშნული ბუნებრივი და განსაკუთრებით დამახასიათებელია ისეთი ვითარებისთვის, როცა მამხილებელის დაცვის საკანონმდებლო და პრაქტიკული მექანიზმები ფაქტობრივად არ არსებობს ან როცა სავარაუდო დანაშაულში ფიგურირებენ მმართველი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, რაც კიდევ უფრო ამცირებს დანაშაულის მიუკერძოებლად გამოძიების მოლოდინს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას:

– დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაუყოვნებლივ დაადგინოს კომუნიკაციის ავთენტურობის ხარისხი, მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით.

– გამოძიება ჩაატაროს ყოველმხრივ, ობიექტურად და დროულად.

– გამოძიების მიმდინარეობისას დაიცვას ყველა ის ზომა, რამაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული გამოძიების მიმართ საზოგადოების ნდობა.

– გამოკვეთოს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევაში თუ, დადგინდება აუდიო ჩანაწერების ფაბრიკაციის ფაქტი.

ორგანიზაცია განმეორებით მოუწოდებს პარლამენტს:

– ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მოწმეთა დაცვისა და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი.

ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ მათთვის ანგარიშის გასწორებას, ვინც სოციალურ ქსლებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.

თავის მხრივ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფო დაცვის უფროსი, ჩანაწერის მიხედვით, საუბრობენ ამ დავალებების აღსრულებაზე.