ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება აცრის დაწყება „სინოვაკის“ ვაქცინითაც, სანამ ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას მიიღებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ „შესაძლოა დადგეს „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი“.
„ჩვენ თავიდანვე, „სინოვაკთან“ მიმართებაში გვქონდა შეთანხმება მის მომწოდებელთან და ასევე, ექსპერტთა ჯგუფებთან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია იქნებოდა ჩვენთვის გამშვები მექანიზმი „სინოვაკთან“ მიმართებაში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ვადებზე, რაც დასჭირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას „სინოვაკის“ ავტორიზაციისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რაკი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა, გაბუნიას შეფასებითვე, საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა, სადაც მონაცემები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მის სარგებელზე, შესაძლოა, ვაქცინაციის საბჭოს მოუხდეს ამ გადაწყვეტილების რევიზია და დამატებითი მექანიზმის შემოტანა იმისთვის, რომ დროულად გახდეს შესაძლებელი „სინოვაკის“ გამოყენებაც.
„ამდენად, მიმდინარე ეპიდემიური რისკებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. ამდენად, მომდევნო დღეებში ვაქცინაციის საბჭო ისევ დაუბრუნდება „სინოვაკის“ საკითხს და ამასთან დაკავშირებით, როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია უფრო აქტიურად [წარიმართება] და დასასრულს მიუახლოვდება, შესაძლოა, დადგეს „სინოვაკით“ ადრეული [ჯანმოს ავტორიზაციამდე] ვაქცინაციის დაწყების საკითხი.
მაგრამ, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე პერიოდში აქტიურად განიხილავს ორივე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს და შესაძლოა, ამანაც მოუსწროს „სინოვაკს“, ვიდრე მას გამოვიყენებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.