პარლამენტის ბიურომ დღეს იმსჯელა უმრავლესობის წევრების ინიციატივის შესახებ, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების ვადის გახანგრძლივებას ეხება.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელეობის შესახებ კანონში შეტანილი შესაბამისი ცვლილებების მოქმედების ვადა 15 ივლისს იწურება.
საქართვლოს პარლამენტის ცნობით, აღნიშნული კანონპროექტით ამ შეზღუდვების მოქმედების ვადა გრძელდება 2021 წლის 1 იანვრამდე.
ინიციატივის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ვადების გადახედვას სამი მიზეზი აქვს – მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ეკონომიკა და მომავალი არჩევნები, რომლის თარიღი, მისი თქმით, არ უნდა შეიცვალოს. მდინარაძემ თქვა, რომ კანონით გათვალისწინებული, 15 ივლისამდე დაწესებული შეზღუდვები ეფექტური აღმოჩნდა ეპიდვითარების მართვისთვის და ეკონომიკის უსაფრთხოდ გახსნისთვის.
„ღმერთმა ქნას და არ დაგვჭირდეს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ თუ იქნა მეორე ტალღა, სექტემბერში, ოქტომბერში… აქ უკვე დგება მესამე ინტერესის დაცვის საკითხი. ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს. კონსტიტუციით განსაზღვრულ თვეს, დღეს და რიცხვს. შესაბამისად, ეს მესამე ინტერესი არის არანაკლებ მნიშვნელოვანი.
იყო ათასგვარი სპეკულაციები ამაზე: ხან გადმოწევაზე საუბრობდნენ, ხან იქით გადაწევაზე საუბრობდნენ. არავინ არ აპირებს ამას. მიგვაჩნია, რომ უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს არჩევნები, შესაბამისად, არ უნდა დაგვჭირდეს არც ერთ შემთხვევაში, პატარა პრობლემის შექმნის გამო, სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და უნდა არსებობდეს რეგულაციები, რომლებიც იძლევა საშუალებას, რომ ასეთი პატარა აფეთქების თუ ეპიდსიტუაციის დამძიმების შემთხვევაში ამ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს მენეჯმნეტს საშუალება, მართოს ეფექტურად პროცესი, როგორც ამას დღემდე ვახერხებთ. ეს არის მთავარი მიზეზი.
გავიმეორებს სამ პრიორიტეტს: 1. მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა; 2. ეკონომიკა; 3. არჩევნების ჩატარება თავის დროს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, ამ სამი მიზეზის გათვალისწინებით, „წლის ბოლომდე იქნება უპრიანი“ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის გადაწევა.
მამუკა მდინარაძის შემდეგ, შეზღუდვების ვადის გადაწევის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემაც. მან გაიხსენა, რომ როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებები განიხილებოდა, მაშინ ამბობდა, რომ 15 ივლისამდე პერიოდი არ იქნებოდა საკმარისი და, მისი მოსაზრებით, უმჯობესი იქნებოდა, ვადა პანდემიის არსებობის პერიოდით თუ განისაზღვრებოდა.
„რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ არსებულ ვითარებას, ასევე იმას, რომ წლის ბოლომდე იქნება შემდეგი მოწვევის პარლამენტი და მათაც დავუტოვოთ პასუხისმგებლობა და ვფიქრობ, რომ იმ პერიოდისთვის მათი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, არაერთ ქვეყანაში შეინიშნება მეორე ტალღის შესაძლო განვითარება და იმატებს ინფიცირებულთა ოდენობა.
„იმისთვს, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა, იმისთვს, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება იმისთვის, რომ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩავატაროთ, პოლიტიკურ სპეკულაციებზე უნდა თქვან უარი იმ ადამიანებმა, ვინც ამით არის დაკავებული და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში“, – განაცხადა ხუნდაძემ.
„უკვე ჩვენ გვაქვს გარკვეული პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია დაბეჯითებით ვისაუბროთ იმაზე, რომ ნამდვილად არ ჰქონია სპეკულაციებს სივრცე, რომლის მიხედვით ამბობდნენ, რომ შესაძლოა, მთავრობამ ეს გამოიყენოს ცუდად, ნეგატიურად, სათავისოდ. ჩვენ უკვე გვაქვს პრაქტიკა, რომ პირიქით. არათუ ამ სპეკულაციებით გათვალისწინებული საკითხები ისე არ დალაგდა, როგორც ოპონენტები ამბობდნენ, არამედ, ხელისუფლებამ მოხსნა გარკვეული შეზღუდვები და ეს გამომდინარეობს ეპიდემილოგოიური მდგომარეობიდან.
თუ გაგვირთულდება ეპიდემიოლოგიური სურათი ქვეყანაში, დაგვჭირდება გარკვეული მცირე ჩარევა, რასაც ქვია რეგულაცია და რეგულაციები უკვე იქნება ძალაში, აღარ დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება“, – დაამატა მამუკა მდინარაძემ.
ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ვადების კორექტირების ინიციატივის გამარტივებული წესით განხილვას მხარი დაუჭირეს.