არასამთავრობო ორგანიზაციები სივრცით კოდექსთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებენ.
საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურის დაწყებას (მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორი – საქართველოს მთავრობა – განმარტებით ბარათში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას არ ითხოვს).
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, პროცესის დაჩქარებამ, გამორიცხა წარმოდგენილი ცვლილებების ყველა შედეგის სიღრმისეული გაანალიზება, რასაც წარმოდგენილი ცვლილებებისა და დარგის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ქალაქგეგმარების საკითხები მოითხოვს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებების შემუშავების პროცესში არ ყოფილან ჩართული დარგის სპეციალისტები, აქტივისტები, გარემოსდამცველები, მათთან არ ყოფილა განხილული ცვლილებების მომზადების აუცილებლობა და მთავრობის მიზნები, ამ ცვლილებების კანონად ქცევის შემთხვევაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მცირე ტექნიკური და ტერმინოლოგიური გაუმჯობესებების მიღმა, წარმოდგენილი ცვლილებები დაუსაბუთებელ პრივილეგიებს ანიჭებს, მათ შორის, საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს კერძო პირებს, მათ ინტერესებს უქვემდებარებს დასახლებათა, მუნიციპალიტეტებისა და ტერიტორიების განვითარებას, აძლევს მათ უშენი ტერიტორიების, ე.წ. „გრინფილდის“ განაშენიანების შესაძლებლობას და ქმნის სივრცეს, საინვესტიციო პროექტების განხორციელება, საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მოხდეს.
„შემოთავაზებული საკანონმდებელო ინიციატივით, შემოდის მსხვილი საინვესტიციო პროექტის განსაზღვრება. აღნიშნული პროექტი, მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი ღირებულების პროექტია, რომლის განმახორციელებელს მთელი რიგი პრივილეგიები ენიჭება. წარმოდგენილი ცვლილებით მსხვილი საინვესტიციო პროექტის ცნების კრიტერიუმები იმდენად ფართო, ზოგადი და ბუნდოვანია, რომ ქმნის შესაძლებლობას, ასეთ პროექტად დაკვალიფიცირდეს ნებისმიერი ფორმის, შინაარსისა და ტიპის, არასაცხოვრებელი ფუნქციის, ბიზნეს პროექტი“,- ნათვქამია განცხადებაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი კრიტერიუმები არ იძლევა საშუალებას, წინასწარ განისაზღვროს, რომელ პროექტს მიიჩნევს მთავრობა, მსხვილ საინვესტიციო პროექტად, არ ქმნის ამ გადაწყვეტილების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის, გადაწყვეტილების გამჭვირვალობის, კორუფციის გამორიცხვისა და არაობიექტური გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს.
„შემოთავაზებული ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებით, შესაძლოა ხელისუფლებისთვის მისაღები ნებისმიერი ინვესტორი გათავისუფლდეს რეგულაციებისგან, საჯარო ინტერესების დაცვის ბოჭვისგან, მათ შორის, საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელი, საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო პროექტის განხორციელების პროცესში.
გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებები ამცირებს საკითხის განხილვისთვის აუცილებელ ვადებს და გარკვეული კატეგორიის ნაგებობებს უხსნის შენობის მედეგობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები ვავრცელებთ, წარმოდგენილი კანონპროექტის დეტალურ შეფასებას და მივიჩნევთ, რომ პროექტის კანონად ქცევამ შესაძლოა შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის გარემოს, ადამიანთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, დასახლებებისა და მუნიციპალიტეტების განვითარების შესაძლებლობებს და მძიმედ აზარალოს საზოგადოების საჯარო ინტერესები“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ღია საზოგადოების ფონდი
მწვანე ალტერნატივა
ურბანული კვლევების ცენტრი
დიღმის ჭალების სამეზობლო თემი
პარტიზანული მებაღეობა, თბილისი
საინიციატივო ჯგუფი „მუზეუმისთვის“
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ეკო ცენტრი
მწვანეები
საზოგადოება „ბათომი“
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი
იპოდრომის დაცვის საინიციტივო ჯგუფი