შესაძლოა თუ არა მივიჩნიოთ ვიტამინი D კორონავირუსის პროფილაქტიკურ საშუალებად? მსჯელობა ამ საკითხზე იმ კვლევებმა გაააქტიურა, რომლებიც ორგანიზმში D ვიტამინსა და კორონავირუსს შორის კავშირს ეხებოდა.
„ჯერჯერობით, არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი, შეუძლია თუ არა ვიტამინ D-ს იყოს პრევენციული საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ“, – გვითხრა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილდა და განგვიმარტა, რომ კვლევების ნაწილმა დაადასტურა ვიტამინის პრევენციული მოქმედება, რაღაც ნაწილმა კი – არა. მისივე თქმით, იქამდე კი, სანამ უფრო მეტი კვლევის შედეგი არ გეცოდინება და პასუხები არ შეჯერდება ამ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.
„ამ საკითხზე არაერთგვაროვანი პოზიცია გაჩნდა. სხვადასხვა კვლევა სხვადასხვა დასკვნას დებს. ჯერჯერობით, უპირობოდ რომ ვთქვათ, რომ აუცილებლად D ვიტამინი ახდენს ვირუსის პრევენციას, არ არსებობს, თუმცა D ვიტამინის დეფიციტი, ზოგადად, ინფექციური, სიმსივნური დაავადებებისა და ბევრი სხვა პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს. D ვიტამინის დეფიციტი, ზოგადად, ჯანმრთელობისთვის ძალიან არასასურველი მოვლენაა. მათ შორის, ცხადია, D ვიტამინი, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების, კოვიდის შემთხვევაშიც, აქვეითებს ვირუსის გამძლეობას.ოღონდ, ეს ირიბად.
შესაბამისად, D ვიტამინის დეფიციტს სჭირდება მიხედვა და მკურნალობა, მაგრამ ასე ერთმნიშვნელოვნად რომ მოვუწოდებდეთ ადამიანებს, რომ კორონავირუსის საპრევენციოდ D ვიტამინი მიიღონ, ასეთი რეკომენდაცია, ჯერჯერობით, არ არსებობს“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.
მისივე განმარტებით, D ვიტამინის დეფიციტი ანალიზის საშუალებით უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა მიიღონ ვიტამინი ექიმის დანიშნულებითა და შესაბამისი დოზით.
D ვიტამინთან დაკავშირებით ჩვენ ასევე ვკითხეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრს (EWEC) გიორგი ფხაკაძეს, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა რეკომენდაციას D3 ვიტამინის პრევენციულ მიღებაზე. ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არაერთგზის კვლევებითაა დამტკიცებული D3 ვიტამინის მნიშვნელობა სხვადასხვა დაავადების გამო დაქვეითებული იმუნური სისტემისთვის.
„კოვიდთან მიმართებით ვიცით, რომ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც, პრაქტიკულად, უფრო ებრძვის იმ ორგანიზმს, სადაც იმუნური სისტემა დაქვეითებულია. ეს კვლევებმაც აჩვენა.
აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ისიც, რომ ზაფხულში ვირუსის აგრესიულობამ დაიწია; ვირუსის გარცელება კი არ შემცირდა, გაიწია; პირიქით, გავრცელებამ მოიმატა კიდევ, მაგრამ სიკვდილიანობამ დაიწია ძალიან დრამატულად, რაც ძალიან კარგია. ერთ-ერთი ახსნა (და არა ერთადერთი) არის ის, რომ, ალბათ, ულტრაიისფერმა სხივებმა გააკეთა თავისი საქმე. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ შესაძლებელია, ვიტამინი D3 არის პროფილაქტიკური საშუალება. ეს ვიტამინი, ზოგადად, პროფილაქტიკისთვის მავნებელი არ არის, ადამიანებისთვის, ვინც არის განსაკუთრებულად ოფისში მომუშავე, ასევე, ვისაც იმუნური სისტემა აქვს დაქვეითებული. რა თქმა უნდა, სამკურნალოზე არ არის აქ საუბარი, არამედ – პროფილაქტიკაზე“, – განმარტა მან.