შეშფოთებას გამოვთქვამთ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის გააქტიურების გამო - ბორელი

პუბლიკა

ევროკავშირი უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების თავმოყრისა და დაძაბულობის ზრდის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ის ესაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას და მასთან განიხილა რუსი სამხედროების გააქტიურება უკრაინის საზღვრებთან.

„ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. ამ საკითხს კულებასა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად კიდევ ერთხელ და უფრო ვრცლად საგარეო საკითხთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ“, – წერს ბორელი Twitter-ზე.

ბორელთან საუბარს Twitter-ზე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. კულება წერს, რომ ევროკავშირმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და ბორელმა უთხრა, რომ ევროკავშირი „მათ გვერდითაა“. როგორც კულება წერს, ის 19 აპრილს ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე მიიწვია.


დონბასში, კონფლიქტის ზონაში უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც, სავარაუდოდ, ასახულია რუსული ჯავშანტექნიკის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან. დონბასში საკონტაქტო ხაზზე გახშირდა სროლა. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც როგორც უკრაინელ, ისე სეპარატისტ და რუს სამხედროებს შორის.

რუსეთი ანექსირებულ ყირიმსა და დონბასში სამხედრო გააქტიურებას „დასავლეთი 2021-ის“ დაგეგმილი სამხედრო სწავლებით ხსნის. თუმცა უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება.

ამასთანავე, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, სამხედრო ტექნიკის გადასროლა უკრაინისკენ თავისი ცენტრალური რეგიონებიდანაც დაიწყო, რაც შეიარაღებული ძალების მასშტაბურ მობილიზაციაზე მიანიშნებს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში საყოველთაო მობილიზაცია დაიწყო.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო გააქტიურებას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, რომელმაც უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის კი რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე სატელეფონო საუბარიც შედგა.