შეთანხმებას კი არ გვთავაზობენ, დათანხმებას გვთავაზობენ, რაც არის ულტიმატუმით საუბარი - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ისინი [ოპოზიცია/არასამთავრობო სექტორი] შეთანხმებას კი არ გვთავაზობენ, დათანხმებას გვთავაზობენ, რაც არის ულტიმატუმით საუბარი და ეწინააღმდეგება მთლიანად არსს, მათ შორის ამ რეკომენდაციების, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

„ასე უკუღმა გაგება ევროპელობის, საქართველოს ევროპული მისწრაფებების, ევროკავშირის ჩვენთან დამოკიდებულების,  აჩვენებს, რომ ამის უკან შეიძლება, ერთადერთი რამ იყოს, რამენაირად დისკრედიტაცია მოხდეს მთლიანად პროცესის, რომელიც უკავშირდება ამ რეკომენდაციების შესრულებას. რაც შეეხება ამ რეკომენდაციებს, არის 12 მიმართულება, შინაარსი განსაზღვრული, რა თქმა უნდა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს რეკომენდაციები შესრულდეს.

ამიტომ, განვსაზღვრეთ საკმაოდ ცხადი და კონკრეტული გრაფიკი, რომელიც არა თვეზე და თვეების მითითებით, არამედ კონკრეტული რიცხვების მითითებით არის, როდის მოხდება ინიცირება, მიღება, როგორი იქნება ფორმატი, რომ იყოს პროცესი ინკლუზიური. ჩვენ ვთავაზობთ ინკლუზიურ პროცესს, რომ შევთანხმდეთ, შევხედოთ, რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმება, ისინი გვთავაზობენ ულტიმატუმების პროცესს, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული შინაარსი განსაზღვრული, კანონპროექტი თუ რაღაც იდეა, რომელიც პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.