შეტევაზე უფრო საოკუპაციო ჯარები არიან. რა გავაკეთოთ, დავუმალოთ ეს ერთმანეთს?! - მდინარაძე

პუბლიკა

„ბოლო პერიოდში შეტევაში უფრო საოკუპაციო ჯარები არიან. რა გავაკეთოთ ამ დროს? ეს დავუმალოთ ერთმანეთს და ეს იქნება მხარდაჭერა?”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „პირველი არხის“ ეთერში.

,,ჯერ უნდა შევხედოთ, რა არის სიმართლე, რა არის სამწუხარო რეალობა. რაღაც წარმატება იყო უკრაინის მხარესაც გასულ თვეებში და სამწუხარო რეალობაა ის, რომ ბოლო პერიოდში შეტევაში უფრო საოკუპაციო ჯარები არიან. რა გავაკეთოთ ამ დროს? ეს დავუმალოთ ერთმანეთს და ეს იქნება მხარდაჭერის გამოხატვა?…”, – აღნიშნა მდინარაძემ.


„ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია. რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს, – ამის შესახებ კი 9 თებერვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის თითქმის 27% დაიკავა, თუმცა დროთა განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელა და ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. მათ შორის, ხერსონის ოლქის ნაწილი და თავად ქალაქიც. ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის დაახლოებით 18% აქვს ოკუპირებული და ცდილობს დონეცკის ოლქში მიაღწიოს წარმატებას. უკრაინის ხელისუფლება კი დასავლეთისგან დამატებით შეიარაღების მიღებაზე მუშაობს და აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ძლიერი კონტრშეტევისთვის ემზადება.