„არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა“ - პოდოლიაკი კობახიძეს პასუხობს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ ირაკლი კობახიძის განცხადებებს აფასებს.

მისი თქმით, საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომზე კომენტარი არ გააკეთოს, ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა.

„და მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს. სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა.

ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება. რუსეთი გაჭიანურებულად იბრძვის მოკლე მანძილებზე და ვერ ახერხებს ნახევარ კილომეტრზე ან კილომეტრზე მეტ წინსვლას. კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ”, – განაცხადა პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ქართულ მხარესთან საუბრის აზრს ვერ ხედავს.

„აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს, გარდა გასაგებია, დიპლომატიური დონისა, მთავრობასთან, რომელსაც აქვს 2008 წლის მტკივნეული ტრავმა გამოვლილი, და მიუხედავად ამისა, მისი მიდგომაა, რომ „ჩვენ გვესმის რუსეთის და მას აქვს უფლება მოკლას ადამიანები უკრაინაში“, – განაცხადა მან.


უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის თითქმის 27% დაიკავა, თუმცა დროთა განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე კონტრშეტევა განახორციელა და ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნა. მათ შორის, ხერსონის ოლქის ნაწილი და თავად ქალაქიც. ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის დაახლოებით 18% აქვს ოკუპირებული და ცდილობს დონეცკის ოლქში მიაღწიოს წარმატებას. უკრაინის ხელისუფლება კი დასავლეთისგან დამატებით შეიარაღების მიღებაზე მუშაობს და აცხადებს, რომ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი ძლიერი კონტრშეტევისთვის ემზადება.