შეუძლებელია ამხელა საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე საუბარი - მინისტრი აქციის მოთხოვნებზე

პუბლიკა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი დღევანდელ ბრიფინგზე საწვავის ფასების გაზრდასთან დაკავშირებით გუშინდელი საპროტესტო აქციების მოთხოვნებს გამოეხმაურა.

აქციებს, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში გუშინ გაიმართა ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა: საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

ხუციშვილი განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა მიმდინარე წელი დაგეგმილია თავისი სოციალური ვალდებულებებით მოსახლეობის წინაშე, საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილზე უარის თქმა შეუძლებელია.

„მინდა, განვმარტო, რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რომლებიც არის დაყენებული საწვავის ფასთან დაკავშირებით, კონკრეტულად აქციზისა და დღგ-ს გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს, ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 8-დან 9%-მდე. ბუნებრივია ამხელა ტიპის შემოსავალზე, საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით, რომლებიც ქვეყანას აქვს, ჩვენი მოსახლეობის წინაშე შეუძლებელია ამაზე ამ ეტაპზე იქნეს საუბარი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, საწვავის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობიდან გამომდინარე არსებულ ფასზე.

„დღესდღეობით სახეზე გვაქვს სიტუაცია, როდესაც საწვავის ფასი განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში, დაახლოებით 15-20%-ით არის გაზრდილი და ბუნებრივია, საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და შესაბამისად, სრულად დამოკიდებულია იმპორტზე და ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ამან ასახვა პოვა საწვავის ღირებულებაზე.

მეორე საკითხია – რა შეიძლება იყოს პასუხი საგადასახადო თუ სხვა პოლიტიკის მიმართულებით საწვავის ფასებთან მიმართებით. ამ სიტუაციაში საკმაოდ რთული ვითარებაა. თუ ჩვენ გადავხედავთ ბოლო 2 კვირის მონაცემებს, დაახლოებით 15-20 დოლარის ფარგლებში მერყეობს ყოველდღიურად ვაჭრობის შედეგები, რაც დღესდღეობით არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად გრძელვადიანი სტრატეგია იქნეს ჩამოყალიბებული“, – განაცხადა მინისტრმა.

„პროტესტი საწვავის ფასებს!“,- გუშინ, 27 მარტს მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდა გააპროტესტეს.

აქციის ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა – საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

საწვავის გაზრდილი ფასი მოქალაქეებმა ასევე ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთშიც აქციებით გააპროტესტეს.

LB loan image desktop LB loan image mobile