შეუძლიათ, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს დაუდგან როიალი და კონცერტები გამართონ პარლამენტში - სამადაშვილი „ქართულ ოცნებაზე“

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ, თუ საქართველოში ერთპარტიული პარლამენტის რეალობა დადგა, ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესს პარლამენტს გარეთ გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგის, მშვიდობიანი მანიფესტაციებისა და სხვადასხვა გზით. ამის შესახებ სამადაშვილმა „პოლიტმეტრში“ ისაუბრა.

„პოლიტიკური პროცესი ხომ არ კვდება? წარმოიდგინეთ, რა ხდება: მივედით ჩვენ იმ წერტილამდე, რომ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს ისტორიაში პირველად. ამის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება ხომ უნდა გაგრძელდეს ანუ პოლიტიკური ცხოვრება არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ გააქტიურდება. ეს იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა; ზეწოლა ხელისუფლებაზე, მათ შორის, მათი მხრიდან, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და შედგეს; ეს იქნება, სავარაუდოდ, მშვიდობიანი გამოსვლები, მანიფესტაციები…

პოლიტიკური პროცესი იცოცხლებს. უბრალოდ, ეს პოლიტიკური პროცესი არ იქნება პარლამენტში. მე არ ვიცი, პარლამენტში რით დაკავდებიან. შეუძლიათ, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე არის კარგი პიანისტი, დაუდგან როიალი და კონცერტები გამართონ პარლამენტში და ამით შეიქციონ თავი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში არ იარსებებს. პოლიტიკური პროცესი იარსებებს ქვეყანაში და ამ პროცესში მნიშვნელოვანი დარჩება ვადამდელი არჩევნები, საარჩევნო რეფორმაც, ადგილობრივი არჩევნებიც… ეს ყველაფერი არის პოლიტიკური დღის წესრიგი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.