შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს არაფორმალური გავლენების კვალი - მელია პარტიაში მიმდინარე პროცესზე

პუბლიკა

„ოპონენტები ბევრს საუბრობენ საჯაროობაზე, გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე, ამ დროს კონცეპტუალური სვლები საერთოდ კულისებიდან კეთდება და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კულუარული/არაფორმალური გავლენების კვალი“, – წერს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

„მეგობრებო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უფრო მძიმდება. ოჯახის და ადვოკატების ინფორმაციით, ავტორიტეტული ექსპერტების დასკვნები დასრულებულია და შესაბამისად, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით სასამართლოს ამ დღეებში მიმართავენ შუამდგომლობით.

შესაბამისად მიმაჩნია რომ მისაღებია კონკრეტული გადაწყვეტილება. სწორედ აქ უნდა ვიყოთ ერთიანები და პატივი ვცეთ ერთმანეთს. როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიასა და პერიპეტიებში გართულებს, გვავიწყდება მთავარი გამოწვევა, რაც დგას ქვეყნისა და ნაციონალური მოძრაობის წინაშე – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა. ნაცვლად იმისა, რომ ამ საკითხზე შევჯერდეთ და ერთიანი პოზიცია გვქონდეს, კანდიდატები აწარმოებენ გაურკვეველ კამპანიებს.

სამწუხაროდ ეს პროცესი ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა და უკვე ცდება ნორმალურ პოლიტიკურ პროცესის ფარგლებს, იღებს სამარცხვინო სახეს, რაც შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც პარტიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის“, – წერს მელია.