„შეურაცხმყოფელია, აღიქმება როგორც მუქარა და ზეწოლა“ - კონსილიუმის წევრი კობახიძის განცხადებაზე

პუბლიკა

ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო მუშაკთა კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

დღეს, 18 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკია“ და შესაძლო შედეგების გამო, რაც ამ „ფეიკის“ განხორციელებამ შეიძლება, გამოიწვიოს, შესაძლებელია, დადგეს ომბუდსმენისა და ექიმების პასუხისმგებლობაც.

„ეს შეფასება არის ჩვენთვის უკიდურესად შეურაცხმყოფელი და პირდაპირ აღიქმება როგორც მუქარა და ზეწოლა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი, ექიმების ერთადერთი და პირველი საზრუნავი არის პაციენტი, მიუხედავად იმისა, ვინ არის ეს პაციენტი და რა დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს. ჩემთვის ისიც უცნაურია, რომ ამის ახსნა-განმარტება გვიწევს. ეს განცხადება ჩვენთვის, ყველასთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, კონსილიუმის წევრებმა ეს აღშფოთება ჯანდაცვის მინისტრს და შეხვედრის სხვა მონაწილეებსაც გაუზიარეს და მიიღეს დასტური, რომ ეს არაკორექტული განცხადება იყო.

„ჩვენ ჩვენი სოფლების დამბომბავი პოლოტები გამოვაჯანმრთელეთ და გავუშვით, ყველა პაციენტს ვმკურნალობთ და როგორ შეიძლება, ვისაუბროთ პაციენტის სიცოცხლის დაცვაზე და ეს ჩაითვალოს პოლიტიკურ მიკერძოებად“, – განაცხადა მან.

LB loan image desktop LB loan image mobile