„არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TV „პირველიდან” მასალების ამოღებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.
მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოპონენტებს შეახსენა, რომ „ეს არ არის 2007 წელი, როცა მოხდა ტელეკომპანია „იმედის” დარბევა”.
„რაც შეეხება TV „პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და ეს არის აბსურდი, არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან. მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ ჩვენ დღეს ვართ 2021 წელს, ეს არ არის 2007 წელი, როცა მოხდა „იმედის” დარბევა და შეჭრა „იმედში”, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე არავითარი საფუძველი პანიკსა და განგაშის არ არსებობს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნებართვა გასცა საგამოძიებო ორგანოს მიერ ტელეკომპანია „TV პირველში“ ამოღების ჩასატარებლად, რათა გამოძიებამ მოიპოვოს ტელეკომპანიისთვის გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი ან სხვა შეფუთვა, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული მოწყობილობა.