„TV პირველის“ დამფუძნებელი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

პუბლიკა

„TV პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, გამოხატონ სასამართლო განჩინებაზე სწრაფი რეაქცია.

„დღეს უკვე სასამართლო დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ შეუძლიათ, შემოვიდნენ ძალის გამოყენებით „TV პირველში“. ეს არის დღეს ხელისუფლების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და „TV პირველი“ აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს“, – განაცხადა წერეთელმა.

ის ასევე მიმართავს ქვეყნის ხელისუფლებას:

„გამორიცხულია, თქვენ ტელეკომპანია „პირველი“ ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია, თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და არ იყოს მაუწყებელი და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში“, – თქვა წერეთელმა.


დღეს სასამართლომ „TV პირველიდან“ პროკურატურას მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. პროკურატურა ტელეკომპანიისგან მოითხოვს რეპორტაჟში მითითებული, კონფიდენციალური წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას და წყაროს მიერ „TV პირველისთვის“ გადაცემულ კონვერტს ან სხვაგვარ შეფუთვას, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.