„იმას, რაც „TV პირველში“ არ ინახება, ვერ გადავცემთ და რომ ინახებოდეს, არ გადავცემთ“ - ადვოკატი

პუბლიკა

„TV პირველის“ ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე სასამართლოს განჩინებაზე საუბრისას თემას ორ ნაწილად ყოფს. მისი თქმით, პირველი ეს არის საქმის შინაარსი და მეორე – რა ხდება პროცესუალურად. ამის შესახებ იურისტმა „ფორმულას“ ეთერში, გადაცემა „კომენტარში“ ისაუბრა.

მშვენიერაძემ ხაზი გაუსვა, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია როგორც კონსტიტუციით, ასევე კანონმდებლობით, რომლის მიხედვით, ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის დროს მიღებული ინფორმაცია დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება, მოითხოვოს წყაროს გამჟღავნება.

მისივე განმარტებით, წყაროს გამჟღავნების მოთხოვნა არ გულისხმობს მხოლოდ მოწმის ჩვენების მიცემის სახით წყაროს გამჟღავნებისგან თავის შეკავების შესაძლებლობას, არამედ ეს გულისხმობს ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის გადაცემისგან თავშეკავებას, რომელმაც შესაძლებელია ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება გამოიწვიოს.

მშვენიერაძის თქმით, ამ საკითხს დეტალურად არეგულირებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის 50-ე მუხლში ასახულია ეს გარანტიები. ამის მიხედვით, არ შეიძლება მოწმის სახით დაიკითხოს ჟურნალისტი კონფიდენციალური წყაროსგან ინფორმაციის მიღებაზე ან მოეთხოვოს რამე საგნის, მტკიცებულების, დოკუმენტის გადაცემა საგამოძიებო ორგანოსთვის.

იურისტის თქმით, პროკურატურა, განჩინების მიხედვით მოითხოვს არა თავად აუდიოჩანაწერს, არამედ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელს.

„მათ გამოძიება შინაარსზე კი არ დაიწყეს, არამედ გამოძიება დაწყებული აქვთ თავად მისი მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე, ამიტომაც მოითხოვენ არა აუდიოფაილს, რომელსაც სიამოვნებით გადასცემდა „TV პირველი“ და ამის მზაობას ახლაც გამოვხატავთ, არამედ მოითხოვენ თავად მატარებელს.

აქ ორი საკითხია. ერთი, რომ ეს მატარებელი აქ არ ინახება და არ აქვს „TV პირველს“ და ვერ გადასცემს და მეორე – კიდეც რომ ინახებოდეს, მაინც არ გადავცემთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი მშვენიერაძის თქმით, „არასერიოზულად, არაპროფესიონალურად“ გამოიყურება მოსამართლის მიერ ამოღების განჩინებაში ჩაწერილი ტექსტი, რომ პროკურატურას შეუძლია პროპორციული ძალის გამოყენება.

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურას არ შეუძლია, ტელეკომპანიას ან ჟურნალისტებს თუ არ სურთ, მიიღოს ინფორმაციის მატარებელი და მეორე მხრივ, ძალის გამოყენების უფლებას ანიჭებს უწყებას მოსამართლე.

„განჩინებაზე როცა ვსაუბრობთ, განჩინებაში არსად არ წერია სად ტარდება ტერიტორიულად, რომელ უძრავ-მოძრავ ქონებაში ამოღება და განჩინებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, თუკი ცნობილია ვინაობა, ვისთან ინახება ან სად ინახება ამოსაღები ნივთი, მისი ვინაობა. არც ერთი მათგანი განჩინებაში არაა მითითებული“, – ამბობს იურისტი.

მშვენიერაძის განმარტებით, მოსამართლის არსებული განჩინებით პროკურატურას შეუძლია ნებისმიერ დროს „ადამიანს მიადგეს და უთხრას, შენ ხომ არ გაქვს ეს და უნდა მომცე“.