შევდივართ პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ჩვენ ეს არ ვიცით - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდაა და შემთხვევების მატება კიდევ გაგრძელდება.

„რაოდენობა – 3128 ნუ დაგვამშვიდებს, იმიტომ, რომ [კორონავირუსის შემთხვევების] კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატება არის და მატება კიდევ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენ ეს არ ვიცით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვების და შეფასების ინსტიტუტთან (IHME). მისივე თქმით, ეს ინსტიტუტი საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკს დეკემბრის პირველ კვირაში პროგნოზირებს.

„სწორედ დეკემბრის პირველი კვირაა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ქვეყანაში – როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდა. პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ არ შემოვიღეთ და უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შემზღუდველი ღონისძიებები, პიკი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

გამყრელიძის თქმით, რამდენიმე სერიოზული ინსტიტუცია, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პროგნოზირებაზე მუშაობენ, ამბობენ, რომ აუცილებელია საქართველომ გაამკაცროს აღსრულება არსებული რეგულაციების და დაემატოს და გაფართოვდეს წერტილოვანი შეზღუდვები.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვებზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს და უახლოსი 2 დღის განმავლობაში შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.