შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად მეტ ოლქში გვყავდეს ერთი კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შეხვედრის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს იმ საკითხების შესახებ ესაუბრა, რომლებზეც შეხვედრისას იმსჯელეს და შეთანხმდნენ.

მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ საპროტესტო აქციები და პიკეტირება გაგრძელდება. ოპოზიცია რეგიონებში გასვლასაც გეგმავს, რათა ხალხს აუხსნას, რომ „მათი გააქტიურების დრო მოვიდა“.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ასევე შეთანხმდნენ, რომ 4 აპრილს, 4 საათზე  თბილისში გაიმართება მასშტაბური აქცია, სადაც საზოგადოებას ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიას გააცნობენ.

გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას უნდა ჰყავდეს ერთი კანდიდატი, თუმცა მისივე თქმით, თუ როგორ მოხდება მაჟორიტარების გადანაწილება, ამაზე უფრო კონკრეტულად კონსულტაციების შემდგომ შეჯერდებიან – „კონსულტაციები მიმდინარეობს. თბილისის შედეგთან ძალიან ახლოს ვართ“.

„შევთანხმდით იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტ მაჟორიტარულ ოლქში უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არცერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ამ ოლიგარქიულ რეჟიმს თავიდან მოვიშორებთ“, – უთხრა ჟურნალისტებს ვაშაძემ.