ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ საბჭო პრესრელიზს ავრცელებს. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ასოცირების საბჭოზე აღნიშნეს, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს და 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.
თუმცა, საბჭო ასევე შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო / ODIHR–ის მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით.
ამასთანავე, ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო.
„ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს და გაერთიანდნენ საერთო მიზნების იდენტიფიცირებისა და შეთანხმების ირგვლივ.
ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.
ასოცირების საბჭომ განმეორებით მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები.
ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგიული კომუნიკაციის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით აქართველოსა და ევროკავშირს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებაა საჭირო“, – ნათქვამია ასოცირების საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ასოცირების საბჭოს სხდომა დღეს ბრიუსელში გაიმართა, საბჭოს სხდომას დაესწრო საქართველოს სამთვრობო დელეგაციაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. ასოცირების საბჭოს გარდა, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ბელგიის ხელისუფლებასთან.