შევთავაზეთ სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალით – ტიკარაძე

პუბლიკა

საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, არსენ ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. სომხურმა მხარემ ქართველ კლინიცისტებთან კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. უახლოეს პერიოდში დაიგეგმა ვიდეოკონფერენცია.

„მოგვაწოდა სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი მკურნალობს ბინაზე, რამდენი გადის სტაციონარულ მკურნალობას, ინფორმაცია მძიმე პაციენტების შესახებ, ასევე – რა რაოდენობის პაციენტი საჭიროებს ჟანგბადის მხარდაჭერას. ისინიც კოვიდს ხედავენ, როგორც გლობალურ პრობლემას და ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყველა ამ  პრობლემის განხილვა კომპლექსურად, რეგიონულ ჭრილში, რადგან ეს არ არის ერთი ქვეყნის გამოწვევა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება.

„სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესდა, თუ როგორია ჩვენი სტრატეგიული გეგმა შემოდგომისთვის და რა ღონისძიებებს მივმართავთ, როგორ ვემზადებით. დაინტერესდა, როგორ იკვლევენ ჩვენი ეპიდემიოლოგები ინფექციის გავრცელების ჯაჭვს. ძირითადი აქცენტი და ინტერესი არის იმაზე, თუ როგორი კლინიკური მიდგომა გვაქვს. გადავწყვიტეთ, შედგეს ვიდეოკონფერენცია, რომელსაც მიეცემა სისტემატური ხასიათი. კონფერენციის შედეგად უფრო დეტალურად დავადგენთ საჭიროებებს და დავგეგმავთ კონკრეტულ დავალებებს.

ამასთანავე, შევთავაზეთ სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალით, რა თქმა უნდა, ვინც გამოთქვამს სურვილს სომხეთში გაგზავნის. ასევე, შევთავაზეთ, რომ ჩვენი ტესტების მოცულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, საზღვარზე ავაწყოთ ისეთი ლოჯისტიკა, რომ მათ ჰქონდეთ ნაცხების გადმოცემის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ თავიანთი ლაბორატორიული სიმძლავრე არ ჰყოფნით, ჩვენ დავახმართ ჩვენს ლაბორატორიულ სიმძლავრეს.

მინისტრს მოეწონა ეს იდეა თუმცა, ჯერჯერობით, შევთანხმდით იმაზე, რომ შედგება ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის კომუნიკაცია და მას შემდეგ გადაწყდება დამატებითი დეტალები“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.