ისანი-სამგორის გამგეობის შენობასთან აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადამიანებისა და მათი მხარადმჭერების აქცია მიმდინარეობს.
„ნუ მიიყვანთ ხალხს იმ ზომამდე, რომ თავი მოვიკლათ. გუშინ ჩემი არ დაუნგრევიათ, მაგრამ ხვალ დაანგრევენ. 4 შვილი მყავს, არაფერი სხვა ქონება არ გამაჩნია, სოციალურად დაუცველი ვარ“, – ამბობს აქციის მონაწილე, შმაგი წერეთელი. მისივე თქმით, ასევე მოითხოვს, გამოუშვან გუშინ აფრიკის დასახლებაში დაკავებულები.
აქციაზე მოსახლეობასთან ერთად იმყოფება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი. ის ამბობს, რომ მხარს უჭერენ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.
„მოთხოვნები არის შემდეგი – დაკანონება მიწების, მიყიდვა ამ ტერიტორიების ერთ ლარად ბიზნესმენებზე, არამედ ამ ხალხზე, რადგან ეს არის ერთადერთი თავშესაფარი მათი და გამოშვება იმ ადამიანის, რომელიც იცავდა თავის ოჯახს და სისხლის სამართლით უპირებენ გასამართლებას“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნაა სწორედ მიწების დაკანონება, რადგან სხვა წასასვლელი არსად არ აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ აქციებს არ შეწყვეტენ და მერიასთან გადაინაცვლებენ.
გუშინ აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.