სოლიდარობის პლატფორმა განცხადებას ავრცელებს და აფასებს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს მაუწყებლის ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებსაც მათივე თქმით ახალი მენეჯმენტი უკვე რამდენიმე თვეა დევნის და ავიწროებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აყენებს. განცხადებას პუბლიკა უცვლელად გთავაზობთ:
„საზოგადოებრივი მაუწყებელი და პოლიტიკური გავლენებისაგან მისი დამოუკიდებლობა ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური გარემო და მედია განსაკუთრებით პოლარიზებულია. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თავისუფალი, მიუკერძოებელი და საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების ინკლუზიურად ამსახველი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაგრული და ხმაწართმეული ჯგუფებისთვის და პროგრესული პოლიტიკური იდეებისთვის მნიშვნელოვანი საჯარო სივრცე უნდა იყოს. არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ობიექტურობა და მასში საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებების და ინტერესების არტიკულირება. აჭარის ტელევიზიამ აჩვენა ხარისხიანი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ძალიან კარგი მაგალითი, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად ის ხდება უფრო და უფრო მიკერძოებული და ვიწრო ჯგუფის ინტერესების გამტარებელი. შესაბამისად, მიმდინარე პროცესები ხელს უშლის დამოუკიდებელი, პლურალისტური და მულტიკულტურული მედია სივრცის არსებობას აჭარის რეგიონში და მომავალ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას ართმევს ნეიტრალურ საინფორმაციო ველს.
მაუწყებლობის მრჩეველთა საბჭოსა და დირექტორის ახალი მენეჯმენტი ბოლო თვეების განმავლობაში ცვლის არხის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას, ის ახორციელებს თანამშრომლთა დევნას, გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, ჟურნალისტთა დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და მათ მასშტაბურ გაშვებებს სამსახურიდან. პროცესი არის ძალიან გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული და ის დასაქმებულების შრომითი უფლებების მიღმა, მათი გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას აზიანებს. ამას ადასტურებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მიერ 13 მარტს თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლება, რის მიზეზად დასახელდა ჟურნალისტის მხრიდან “შრომით ხელშეკრულების და შინაგანაწესის პირობების უხეში დარღვევა“. ასევე დირექტორის მიერ 21 აპრილს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თეონა თურმანიძის Facebook სტატუსის გამო დროებით ეთერიდან მოხსნა. შემდგომ თურმანიძეს ერთი წლით ეთერში და რეპორტიორად მუშაობის უფლებაც შეეზღუდა. აღსანიშნავია, რომ 11 მაისს დირექტორის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნა გადაცემა “ჰეშთეგის“ წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის თავჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი, სოციალურ ქსელში პირად გვერდზე განთავსებული პოსტის გამო, რაც მიუთითებს როგორც შრომით საქმიანობაში ჩარევის ფაქტზე, ასევე კრიტიკული განწყობების ნიადაგზე მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომელთა დევნაზე.
ამ ყველაფრის ფონზე კი აშკარაა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ პოლიტიკური კონტროლის დამყარებას საზოგადოებაში, მოპოვებული სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის არსებით დაზიანებას.
სოლიდარობის პლატფორმის წევრები მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. ვაღიარებთ მის, როგორც პლურალისტური მედიასაშუალების როლსა და მნიშვნელობას ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის პროცესში და მით უფრო, უაღრესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში და მოვუწოდებთ მაუწყებლის მენეჯმენტს დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილებები და მათი განხორციელების საჭიროება, ასევე მოვუწოდებთ მათ შეწყვიტონ ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ინტენსიური ზეწოლისა და საეჭვო საკადრო ცვლილებების განხორციელება“, – აღნიშნულია სოლიდარობის პლატფორმის განცხადებაში.
სოლიდარობის პლატფორმა არის გაერთიანება, რომელშიც გაწევრებულია სხვადასხვა აქტივისტი უმცირესობების თემებიდან. მათ შორის – პანკისის ხეობიდან, აზერბაიჯანისა და სომეხი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიდან, ასევე, აჭარის მუსლიმი თემიდან. მათი თქმით, ჯგუფები გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის, რომ ურთიერთსოლიდარობის, ერთმანეთის მხარდაჭერისა და საერთო პრობლემებზე ორიენტირების მეშვეობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას საქართველოს პოლიტიკურ და სამოქალაქო სივრცეში.