ჩვენს რეკომენდაციებს აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლების აგდებული დამოკიდებულება მოჰყვა - ლომჯარია

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაახლოებით 11 სარჩელია შეტანილი სასამართლოებში და დაობენ შრომითი უფლებების დარღვევას.

„4 პირთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და როგორც გითხარით, ჩვენ დავადგინეთ მათი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტი.“- აღნიშნა ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ პირებმა უკვე მიმართეს პროკურატურას და ითხოვენ გამოძიების დაწყებას დევნის მუხლით, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით დევნას დაექვემდებარნენ. ნინო ლომჯარიას განმარტებით, გარდა ამისა, არის სარჩელები დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, გარდა იმისა, რომ არაერთი განცხადებით გამოვეხმაურეთ და რეკომენდაციაც გავეცით, რასაც საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება მოჰყვა აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლების მხრიდან. არ გაითვალისწინეს და მხედველობაში არ მიიღეს. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაცია აღუსრულებელი დარჩა გათავისუფლებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აპირებს და კომუნიკაცია აქვთ მედიის თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელთან:

„ჩვენ უკვე მივმართეთ მას თხოვნით, რომ შეისწავლოს აჭარის ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენები. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, თუ მისი ჩამოსვლა არ იქნება შესაძლებელი, სხვა პლატფორმების მეშვეობით, ონლაინპლატფორმის მეშვეობით ამ საკითხებს მომხსენებელი შეისწავლის და ალბათ ის უფრო ფართოდ დაინახავს და ფართოდ დაწერს, არ იყო ეს ინდივიდუალურად გათავისუფლებები, როგორც პრობლემა, თუ დაინახავს საფრთხეს მედიაპლურალიზმთან მიმართებით“, – ამბობს ნინო ლომჯარია.