შეწყვიტოს შიმშილობა და დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას - გამყრელიძე სააკაშვილზე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, მიხეილ სააკაშვილს დიდი ხანია, იცნობს და მასთან ჰქონდა პროფესიული კომუნიკაცია პარლამენტსა და მთავრობაში მუშაობის დროს; ასევე, მისი თქმით, ახლო ურთიერთობა აქვს სააკაშვილის ოჯახთან – მეგობრობს მამასთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან და დედასთან, გიული ალასანიასთან. გამყრელიძის ინფორმაციით, სააკაშვილის ბებია სამედიცინო ინსტიტუტში მისი ჰისტოლოგიის მასწავლებელი იყო, მეორე ბებიასთან კი ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა, სანდრა რულოვსთან კი „გლობალური ჯანმრთელობის პროექტები“ ჰქონია, მათ შორის, შიდსისა და ტუბერკულოზის გლობალური ფონდის პროექტი.

„მიუხედავად ამ ახლო ურთიერთობისა, ბევრ საკითხში ჩვენი შეხედულებები შეიძლება, იყო განსხვავებული და იყო განსხვავებული, ხანდახან ფუნდამენტურად, მაგრამ ამას მე ახლა არ ვეხები.

ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა, რომ ის გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და ჩვენთვის პაციენტი, როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, პაციენტი იქნება ეს უმაღლესი თანამდებობის, დაბალი თანამდებობის, ჩვენ არ ვასხვავებთ რასობრივი, სქესობრივი და ა.შ, ნიშნებით ადამიანებს. პაციენტი ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება.

მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი 2001 წელს პაციენტის უფლებების შესახებ მიღებული კანონის, რომელიც იყო ერთ-ერთი ძალიან დიდი გარღვევა დემოკრატიზაციის პროცესში, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა პოსტსაბჭოთა სივრცესა და ცენტრალურ და აღმ. ევროპაში ამ ტიპის კანონი მიიღო, სადაც პაციენტის უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე უზენაესი და მას უნდა უტარდებოდეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ამავე დროს, იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა.

გამომდინარე ყველაფერ ამისგან, რაც ჩამოგითვალეთ, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია. ის პერიოდია, რომ შეიძლება, განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები.

მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია და იქ არის საქართველოს 5 გამორჩეული სპეციალისტი ექიმი… ეს კონსილიუმი, ისევე, როგორც მეორე, ალტერნატიული კონსილიუმი, სადაც ჩემი კარგი მეგობრები და მაღალი დონის ექიმები არიან… ამიტომ ჩემი წინადადება და სურვილია: 1. მოწოდება, შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ის შეიძლება იმ ზღვარზე მივიდეს, როცა საჭირო გახდება გადაუდებელი ჩარევა და დახმარება და 2. დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას, რომელიც იტყვის, რა ტიპის მონიტორინგი სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება მას და რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჟურნალისტებმა ამირან გამყრელიძეს უთხრეს, რომ სამედიცინო კონსილიუმს არ ეძლევა სააკაშვილის მონახულების საშუალება, რაზეც გამყრელიძემ კვლავ პაციენტის უფლებების შესახებ კანონი მოიხმო.

„არსებობს მეორე აზრის, (second opinion) და არსებობს მესამე აზრის მოთხოვნის უფლება. არა მგონია, კონსილიუმს შეექმნას დაბრკოლება პაციენტთან მიმართებით დამატებითი კონსულტაციების, თუ საჭიროდ ჩათვლის ამას სამედიცინო დაწესებულება. ვისურვებდი, დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას, რომ გაუმჭირვალე არ დარჩეს“, – განაცხადა მან.

შეკითხვებზე იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, გამყრელიძე ამბობს, რომ ამ შეკითხვებს „პოლიტიკური შლეიფი“ ახლავს და რომ მან თავისი მოსაზრებები უკვე გამოთქვა.