სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის” დირექტორის, ლევან მესხელის განცხადებით, მთავრობამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
„ჩვენ არაერთი განცხადებით მივმართეთ ხელისუფლებას და წარვუდგინეთ ჩვენი გეგმა, თუ როგორ შეიძლებოდა გვემართა ტრაფიკი. ყველა ჩვენი განცხადება უკავშირდებოდა ნაკადების სწორად მართვის გეგმას, ზუსტად ამიტომ ვითხოვდით და ერთადერთი მიზანი ამისი 15-დან მოგვცემოდა ოპერირების საშუალება, რომ ნაკადები სწორად გვემართა, ასევე ჩვენი თხოვნა შეეხებოდა იმას, რომ დღის განმავლობაში სამუშაო საათების კორექტირება მოგვეხდინა, გამომდინარე იქიდან რომ 12-საათამდე შეგვძლებოდა ფუნქციონირება, არც ერთი ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს. ჩემი აზრით, შეზღუდვები კი არ შემსუბუქდა, პირიქით, გამკაცრდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ რეგულაციებს ვიცავდით ყოველთვის. ერთობლივად შევიმუშავეთ რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების დაცვის შედეგიც გვაქვს სახეზე და ფაქტები გვაქვს, რომ არ ყოფილა არანაირი გავრცელება, არც თანამშრომრომლებში და შესაბამისად, მოლი არ გამხდარა ინფექციის გავრცელების წყარო. რეგულაციების შესრულების პრობლემა ჩვენ არ გვქონია არც აქამდე და არც ახლა გვექნება, თუმცა ჩვენი თხოვნა უფრო მეტი საშუალება გვქონოდა ამ ნაკადების მართვის, უფრო ნაკლები პანიკა ყოფილიყო საზოგადოებაში, იმის გათვალისწინებით, რომ უფრო გაზრდილიყო სამუშაო საათების რაოდენობა და ასევე დღეების გაზრდის საშუალება თუ იქნებოდა, ესეც გამტარუნარიანობის კუთხით დაგვეხმარებოდა, თუმცა ეს მოთხოვნები არ შესრულდა. საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ პასუხისმგებლობა სრულად ჩვენ გვეკისრება, არც ერთი ჩვენი მოთხოვნა არ შესრულებულა“, – განაცხადა მესხელმა „დღის კურიერში”.
ლევან მესხელი ამბობს, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, ნაკადები გადაანაწილონ, ასევე, მომხმარებელს ფასდაკლებასა და პარკინგის ტარიფებს შესთავაზებენ განსხვავებულს და, ამასთანავე, მაქსიმალურად დაიცავენ იმ შეზღუდვას, რაც კვადრატულ მეტრზეა დაწესებული.