რა წესებით იმუშავებს სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 24 დეკემბრიდან - საბჭოს გადაწყვეტილება

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს იმ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 24 დეკემბრიდან ამუშავდება. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, რეგულაციები უშუალოდ ბიზნესის სექტორსა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს და საბჭო მიიჩნევს, რომ ეს რეგულაციები მეტად დაიცავს მომხმარებელს სავაჭრო ქსელებსა და მაღაზიებში ვიზიტის დროს:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე;
  • მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით. ამისთვის, მაღაზიების ფართის ყოველ 20 მ²-ზე დაიშვება არა უმეტეს ერთი მომხმარებლისა;
  • მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მკაცრი მართვა, რათა იყოს დაცული ყველა ზომა, როგორიც არის სოციალური დისტანცია და პირბადი სწორი მოხმარება;
  • ფასდაკლებების აქციები – უნდა გამოცხადდეს ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს, რათა არ იყოს დაშვებული მომხმარებლების დიდი კონცენტრაცია მაღაზიებში;
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები. ამასთან ერთად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1-ლი თებერვლის შემდეგ.
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების მუშაობა, მათ შორის გატანის სერვისით;
  • ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში, დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადის უპირობოდ, სავალდებულოდ და სწორად მოხმარება.

ცქიტიშვილის განმარტებით, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციებს. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში, სავაჭრო ობიექტების მიმართ გატარდება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება – ეს გულისხმობს როგორც ჯარიმას, ასევე საქმიანობის შეჩერებას.