შეზღუდვები, რომელთა გაუქმების ვადები ჯერ უცნობია

პუბლიკა

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კანცელარიაში სპეციალურ სხდომაზე შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმა წარმოადგინა, თუმცა გეგმაში არ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია მუნიციპალური ტრანსპორტის, გეგმური ოპერაციებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ.

მისი თქმით, შემსუბუქება პირველი ეტაპი 27 აპრილიდან დაიწყება და შეეხება:

„27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. გარდა ამისა, სრულად დაიშვება ტაქსების გადაადგილება, ასევე – ონლაინვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა“, – განაცხადა გახარიამ.

ახლა კი გთავაზობთ იმ შეზღუდვების ჩამონათვალს, რომელთა გაუქმების ვადები ჯერ უცნობია:

უცნობია როდის მოიხსნება კომენდანტის საათი;

ასევე უცნობია, როდის მოიხსნება დაწესებული შეზღუდვები საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

უცნობია როდის მოიხსნება ის შეზღუდვები, რომლებიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. [2 დღით, გამონაკლისის სახით 27 და 28 აპრილს დაშვებული იქნება საქალაქთაშორისო მიმოსვლა].

ასევე უცნობია როდის აღდგება:

მუნიციპალური ტრანსპორტი

„ეს ისეთი მიმართულებებია, მათი რომელიმე ეტაპისთვის მიბმა იქნებოდა უკიდურესად სუბიექტური და პირდაპირ უკავშირდება ეპიდემიის გავრცელების გეოგრაფიასა და სისწრაფეს. ეს ისეთი საქმიანობებია, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ეტაპობრივად ჩავრთოთ და ასევე გეოგრაფიული დაყოფის თვალსაზრისიც გავითვალისწინოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავიამიმოსვლა

ავიამიმოსვლის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე დღეს განზრახ არ ისაუბრა.

„დღეს მსოფლიოში ვერავინ გეტყვით, როდის გაიხსნება საავიაციო ბიზნესი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მივესალმებით რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას, რადგანაც ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის არის განმსაზღვრელი“, – განაცხადა გახარიამ.

გეგმური ოპერაციები

ავიარესიებთან და მუნიციპალურ ტრანსპორტთან ერთად გიორგი გახარიამ გეგმიური ოპერაციების აღდგენის საკითხიც ახსენა.

„ეს ისეთი მსხვილი ელემენტებია ჩვენი ცხოვრების, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ ყოველდღიურ მობილობაზე და პირდაპირ არიან დაკავშირებული იმასთან, როგორი გვექნება ეპიდემიური მდგომარეობის განვითარება. ამიტომ ამ სეგმენტების გახსნების ეტაპებში ჩასმა შეუძლებელია“, – განაცხადა გახარიამ.